FIFA 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონების მახლობლად საპარკინგე ადგილებს თითო თამაშის და თითო ადგილისთვის 75-დან 175 დოლარამდე ყიდის – ეს უფრო ძვირია, ვიდრე წინა მუნდიალებზე ზოგიერთი მატჩის ბილეთის ფასი.
გასულ თვეში, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყო და ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასები დაფიქსირდა, FIFA-მ გახსნა ოფიციალური პარკინგის ვებგვერდი – ბილეთის მფლობელებისთვის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელსაც ფეხბურთის გლობალური მმართველი ორგანო მონეტიზაციისთვის გამოიყენებს.
პარკინგი და ტრანსპორტირება დიდი ხანია გამოწვევად რჩება მსოფლიო ჩემპიონატის 16 ჩრდილო ამერიკულ მასპინძელ ქალაქში. 11 ამერიკული მეტროპოლიტენის უმეტესობას, სადაც თამაში გაიმართება, არ აქვს სათანადო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა, რომელსაც სპორტის გულშემატკივრები ევროპასა და სხვა რეგიონებში იყენებენ. ამერიკელები მიჩვეული არიან, რომ თამაშზე მანქანით მიდიან. ყველა 11-ვე ამერიკული სტადიონი NFL-ის არენაა და სხვადასხვა მასშტაბით პარკინგითაა გარშემორტყმული.
თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ზოგიერთი ამ სივრციდან უსაფრთხოების ზონაში მოხვდება, დაიბლოკება ან სხვა მიზნით იქნება გამოყენებული, მაგალითად VIP მომსახურებისთვის. ამიტომ პარკინგი შედარებით შეზღუდული იქნება. სტადიონებზე მისვლა შეიძლება ლოგისტიკურ კოშმარად იქცეს, როგორც ეს მოხდა გულშემატკივრებისთვის მაიამი გარდენსში და სხვა მასპინძელ ქალაქებში ამ ზაფხულს ჩატარებულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე.
16 მასპინძელი ქალაქიდან ხუთმა უკვე დაიწყო აქტიური გაყიდვები. Hard Rock Stadium (Miami Gardens), Arrowhead Stadium (Kansas City), Gillette Stadium (Foxborough) და AT&T Stadium (Arlington) – ჯგუფურ და 1/32 ფინალს თამაშებზე თითო პარკინგი 75 დოლარი ღირს; 1/8 ფინალში – 100 დოლარი; 1/4 ფინალზე – 125 ან 145 დოლარი, ხოლო ნახევარფინალსა და მესამე ადგილის მატჩზე – 175 დოლარი.
საინტერესოა ის, რომ 2026 წლის ჯგუფური ეტაპის პარკინგის საშვი 75 დოლარი უფრო ძვირია, ვიდრე 2022 წლის მუნდიალზე 3-ე კატეგორიის ჯგუფური ბილეთი, რომელიც 69 დოლარი ღირდა.
პარკინგის ფასები შედარებით ახლოს არის NFL-ისა და NBA-ის სტანდარტებთან, მაგრამ FIFA-სთვის ახალი პრაქტიკაა.
მაგალითად, 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ასევე აშშ-ში გაიმართა, ბილეთის მფლობელებს შეეძლოთ მანქანით მისულიყვნენ Hard Rock Stadium-ის მიმდებარე პარკინგზე და თამაშის დღეს 40 დოლარი გადაეხადათ. MetLife Stadium-ზე ნახევარფინალზე პარკინგი 65 დოლარი ღირდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი საშვი გაიყიდება, შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები ადგილზე მისვლას და იქვე გადახდას, და ზოგადად რამდენად ხელმისაწვდომი იქნება პარკინგი.
FIFA ვარაუდობს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული შემოსავალი 13 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ეს სპორტული ღონისძიებების ისტორიაში ყველაზე მომგებიანი ტურნირი იქნება.




