FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთთან დაკავშირებით სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის ეროვნული ნაკრების შვიდი ფეხბურთელი დოკუმენტების გაყალბების გამო ერთი წლით დისკვალიფიცირებულია. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ მალაიზიის ფეხბურთის ასოციაცია (FAM) ცდილობდა უცხოელ ფეხბურთელებს მალაიზიის სახელით ეთამაშათ, რისთვისაც FIFA-ში ყალბი დოკუმენტები წარადგინეს.
სადისციპლინო კომიტეტმა სანქციები დააწესა როგორც FAM-ზე, ასევე უშუალოდ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ – გაბრიელ პალმერო, ფაკუნდო გარსესი, როდრიგო ოლგადო, იმანოლ მაჩუკა, ჟოაო ფიგეირედო, ხონ ირასაბალი და ჰექტორ ჰეველი. ფეხბურთელებს აქვთ არგენტინული, ესპანური, ბრაზილიური და ნიდერლანდური ფესვები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გარსესი “ალავესის” (ლა ლიგა) რიგებში ირიცხება.
გამოძიების მიხედვით, სწორედ ეს მოთამაშეები მალაიზიის ნაკრების განაცხადში აღმოჩნდნენ და 10 ივნისს ვიეტნამის წინააღმდეგ, აზიის თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს, მატჩი 4:0 დასრულდა. FIFA-მ დაადგინა, რომ მათი განაცხადი ყალბ დოკუმენტაციაზე იყო დაფუძნებული. შედეგად, მალაიზიის ფეხბურთის ასოციაცია 350,000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, ხოლო თითოეულ ფეხბურთელს 2,000 ფრანკის გადახდა დაეკისრა. უფრო მკაცრი სანქცია კი ფეხბურთელების ერთწლიანი დისკვალიფიკაციაა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერცერთ საფეხბურთო საქმიანობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის – როგორც მალაიზიის ფეხბურთის ასოციაციას, ისე ფეხბურთელებს უფლება აქვთ, FIFA-ს სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრონ დისკვალიფიკაცია და ჯარიმები. გარდა სპორტული დაზიანებისა, ეს შემთხვევა სერიოზულ დარტყმად ითვლება მალაიზიური ფეხბურთის რეპუტაციისთვის, რადგან FIFA-ის მსგავსი სანქციები იშვიათია და, როგორც წესი, მძიმე დარღვევებზე მიუთითებს.
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი – “ბაიერნი” და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
“პირველი იყო, ვინც “ოქროს ბურთის” მოგება მომილოცა” – უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა