საქართველოში თხილის ბაღების გაყიდვის შემდეგ Ferrero-ს შვილობილ „აგრიჯორჯიას“ შემოსავლები 57%-ით შეუმცირდა.
კომპანიამ, რომელიც საქართველოში ოპერირებს, გასული წლის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, გასულ ფინანსურ წელს (2023 წლის 31 აგვისტო – 2024 წლის 31 აგვისტო) „აგრიჯორჯიას“ თხილის გაყიდვები მკვეთრად, 41 მილიონიდან, 17.7 მილიონ ლარამდე შემცირდა. წლის სრული ზარალი კი 10 მილიონი ლარი იყო, 2023-24 ფინანსურ წელს მიღებული 35 მილიონიანი ზარალის შემდეგ.
კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ შემოსავლები, ბაღების გაყიდვის გამო, წარმოებული თხილის რაოდენობის შემცირების და მესამე მხარისგან შეძენილი თხილის რაოდენობის შემცირებამ განაპირობა.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში ჭითაწყარის რაიონში არსებული დაახლოებით 800 ჰა ბაღი იყო (2022 წელს მის მფლობელობაში 2,300 ჰექტარამდე თხილის ბაღები იყო, რომლის ნაწილი 2023 წელს გაყიდა) კომპანია აწარმოებს ქართულ, იტალიურ და სხვა ევროპული თხილის სახეობებს და ძირითადად ყიდის მასთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასევე ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თხილის შესყიდვას და შემდეგ რეალიზაციას.
