საბუღალტრო და სააღრიცხვო კომპანია FAS Group-ი აშშ-ის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ნათია სხვიტარიძემ განაცხადა.
FAS Group-ი ერთ-ერთია იმ ქართულ 25 კომპანიას შორის, რომელიც აშშ-ში, Select USA-ის ყოველწლიურ საინვესტიციო სამიტზე მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესსამიტს FAS Group-ი წელს მეორედ ესწრებოდა და ინვესტორებს წინაშე კომპანიის კლასიკური სერვისები – პროფესიული ბუღალტრული და ფინანსური მომსახურება და ასევე, ინოვაციური ციფრული გადაწყვეტა FAS APP წარადგინა. FAS APP ციფრული ბუღალტერია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ პროცესებს ამარტივებს.
„ჩვენ ჯერ კიდევ შარშან, როცა Select USA-ის სამიტზე მივიღეთ მონაწილეობა, დავიწყეთ აშშ-ის ბაზრის მოკვლევა. ჩვენი პროფესია და სფერო ცოტა განსხვავებულია [კლასიკური ბიზნესსფეროებისგან] – რომელ ქვეყანაში შეხვალ, იმ ქვეყნის კანონმდებლობას უნდა მოერგო. საბუღალტრო და სააღრიცხვო სერვისები არაა ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველა ქვეყანაში თავისუფლად შევა, ამიტომ პროცესს ბევრი სირთულე ახლდა – მათ შორის სწორი შტატის შერჩევა და ა.შ.
ჩვენ უკვე გვაქვს შერჩეული შტატი – ჩვენი კომპანიის რეგისტრაციის ადგილი იქნება დელავერი და ახლა ვმუშაობთ კომპანიის რეგისტრაციის და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაზე. რატომ დელავერის შტატი? – მთელი რიგი მიზეზებია, მაგრამ ერთ-ერთი არის ის, რომ ეს შტატი გვაძლევს უფლებას, მოვემსახუროთ აშშ-ის 50-ვე შტატს“, – განაცხადა ნათია სხვიტარიძემ.
FAS Group-ის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ კომპანია აშშ-ის ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლომდე შევა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ნათია სხვიტარიძემ ვრცლად ისაუბრა Select USA-ის სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციური ინვესტორების მოძიებისთვის, რისთვისაც მადლობა გაუდუხადა აშშ-ის საელჩოს საქართველოში და პირადად, ელჩ რობინ დანიგანს.
FAS Group 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოში. კომპანია სააღრიცხვო და საკონსულტაციო სერვისებით ემსახურება წარმოების, მშენებლობის, გაყიდვების, განათლების და არა კომერციული საქმიანობის მიმართულებით მომუშავე 100-ზე მეტ კომპანიას.
