FAO: ღაზის 2.2 მილიონი მოსახლეობა მწვავე შიმშილის წინაშე დგას

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია [FAO] შეშფოთებას გამოთქვამს ღაზის სექტორში საკვების ხელმისაწვდომობის მხრივ ვითარების გაუარესებით. მათი უახლესი განცხადების მიხედვით, სექტორის თითქმის 2.2-მილიონიანი მოსახლეობა მწვავე შიმშილობის წინაშე დგას.
ორგანიზაცია თავის შეფასებებში ეყრდნობა „საკვების ხელმისაწვდომობის ფაზების კლასიფიკაციის“ ანგარიშს, რომელშიც ღაზაში რთულ ვითარებაზეა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებების ყოველი დამატებითი დღე, ჰუმანიტარული დახმარების დეფიციტის პირობებში, ზღუდავს სექტორის მოსახლეობის წვდომას საკვებზე, საბაზისო მომსახურებებზე და სიცოცხლისთვის აუცილებელ დახმარებაზე.
„შეუსაბამო თავშესაფრებში ხალხის უკიდურეს იზოლაციასა და კონცენტრაციას დიდი წვლილი შეაქვს შიმშილობის დაწყების რისკში“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საკვების ხელმისაწვდომობის მხრივ, ღაზის მთელი მოსახლეობის მდგომარეობა 2024-ის 7 თებერვლამდე ხასიათდება, როგორც „კრიზისი ან უარესი“. მოსახლეობის 79%-სთვის კი ვითარება „საგანგებო“ ან „კატასტროფულია“. უფრო კონკრეტულად, ყოველი მეოთხე ოჯახშია საკვების კატასტროფული ნაკლებობა, რამაც შეიძლება შიმშილობა გამოიწვიოს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მზად არიან სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად, როცა ამის საშუალება გაჩნდება.
„ეს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია FAO-ს განცხადებაში.
რა ხდება
ისრაელმა „ჰამასს“ ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ს ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.
გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
„ჰამასის“ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს თითქმის 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 6 ათასზე მეტი ბავშვია. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.