საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადებული დოკუმენტური ფილმი ქვეყანაში აგრობიომრავალფეროვნების დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კვლევისა და კონსერვაციის პროცესებს ასახავს.
გადაღებები უკვე დასრულდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას ბაზებზე, ცენტრის თესლის ლაბორატორიაში და გენბანკში, ასევე კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ფერმერების ნაკვეთებზე, სადაც ტრადიციული ჯიშების კონსერვაცია მიმდინარეობს.
დოკუმენტური ფილმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას საერთაშორისო დონეზე და წარმოაჩინოს ადგილობრივი გენეტიკური რესურსების როლი კლიმატის ცვლილებებთან მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.
ფილმში მაყურებელი იხილავს უნიკალურ კადრებს, რომლებიც ასახავს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო გენეტიკური რესურსების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ პლატფორმაში — სვალბარდის თესლის საცავში ქართული ნიმუშების განთავსების პროცესს და მის მნიშვნელობას.
„ეს დოკუმენტური ფილმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომლის საშუალებითაც საქართველოს მიერ გენეტიკური რესურსების დაცვასა და პოპულარიზაციაში გადადგმული ნაბიჯები გლობალურ დონეზე გახდება ცნობილი. ფილმი აჩვენებს ქვეყნის როლს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციას საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ თანამშრომლობაში“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
დოკუმენტურ ფილმზე მუშაობის ფარგლებში, ცენტრს მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) ტექნიკური ოფიცერი სინდი კოტე-ანდრეტი და National Geographic-ის წარმომადგენელი თომას ნიკოლსონი ესტუმრნენ. ფილმისთვის ინტერვიუები ლევან უჯმაჯურიძესთან და გენბანკის მენეჯერი თამარ ჯინჯიხაძესთან ჩაიწერა.
„საქართველო აგრობიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაეცნოს ჩვენს უნიკალურ გენეტიკურ რესურსებსა და მათი დაცვის პრაქტიკას. ეს ფილმი არის ხიდი ჩვენს გამოცდილებასა და გლობალურ საჭიროებებს შორის“, – აღნიშნა თამარ ჯინჯიხაძემ.
დოკუმენტური მასალა წარმოდგენილი იქნება გაეროს მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) მმართველი ორგანოს სხდომაზე, რომელიც 2025 წლის ნოემბერში პერუში, ლიმაში ჩატარდება.
ფილმი მზადდება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში – „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში და in situ/on-farm და ex situ კავშირის გაძლიერება“.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ავრცელებს
