გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აგრძელებს მეფუტკრეებისთვის შექმნილი ტრენინგების ჩატარებას საქართველოს რეგიონებში. FAO-ს ცნობით, ოზურგეთი და ზუგდიდი ის ორი ქალაქია, სადაც საგანმანათლებლო სესიები პირველად 2025 წელს ჩატარდა. ტრენინგის მთავარი თემები თაფლის სექტორში დღეს არსებულ ისეთ ძირითად გამოწვევებს ეხება, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, ტკიპა ტროპოლელაპსი და სურსათის უვნებლობა. საგანმანათლებლო შეხვედრები ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ტრენინგის მიზანს, ქართველი მეფუტკრეებისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევების პირობებში და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით თაფლის მდგრადი და მედეგი წარმოებისთვის საჭირო ცოდნის გაზიარება წარმოადგენს.
ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO-მ 200-ზე მეტ მეფუტკრეს გაუზიარა ცოდნა საქართველოს რეგიონებში. შედეგად, ისინი ახლა უკეთესად არიან მომზადებულნი წარმოების ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით.
ამასთან, ქართველი მეფუტკრეების მიერ გამოხატული ინტერესიდან გამომდინარე, FAO განაგრძობს მათთვის მსგავსი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას 2025 წლის გაზაფხულზე კახეთისა და იმერეთის რეგიონებშიც.
“ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საგანმანათლებლო მოდული, FAO-მ მეფუტკრეების მიერ გამოკვეთილი კლიმატის ცვლილებისა და სურსათის უვნებლობის გამოწვევების საპასუხოდ შეიმუშავა. ტემპერატურის მატებამ და ცვალებადმა კლიმატურმა პირობებმა, ხელსაყრელი გარემო შექმნა ახალი მავნებლებისთვის, რაც ფუტკრების ჯანმრთელობასა და მათი კოლონიების გადარჩენას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს.
აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად, FAO-ს ტრენინგი ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილების პირობებში რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე ფუტკრის მოვლის პროცედურების გამარტივებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ამასთანავე, საგანმანათლებლო მოდული რეგიონში ახლად დაფიქსირებული ტკიპების სახეობებთან გამკლავების მეთოდებსაც მოიცავს. აღნიშნული მავნებლის გამრავლება პირდაპირ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან. ტრენინგის ფარგლებში, მეფუტკრეებს დამატებით საშუალებაა აქვთ ტრენინგის ფარგლებში მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ცვალებად კლიმატურ პირობებში თაფლის წარმოებაში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვისთვის თემაზე”,- აღნიშნულია FAO-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
“თაფლის წარმოება ათასობით ოჯახის კეთილდღეობისთვისაა მნიშვნელოვანი და მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებს ქვეყნის მასშტაბით მოიხმარენ. ცოდნა, რომელსაც FAO აზიარებს ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, მართლაც გარდამტეხი შეიძლება იყოს თაფლის სექტორში ჩართული ფერმერებისთვის, რადგანაც თაფლის გაუმჯობესებული წარმოება ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და უვნებელ სურსათზე გაუმჯობესებულ წვდომას, განსაკუთრებით ქვეყნის ბაზარზე. ამასთანავე, ფუტკარი უამრავი მცენარის დამტვერვაში იღებს მონაწილეობას“, – ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.
