EY საქართველოს აუდიტის პრაქტიკას ანა კუსრაშვილი უხელმძღვანელებს. იგი ამ პოზიციაზე მუშაობას 2025 წლის 1 ივლისიდან შეუდგება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ანა კუსრაშვილს ფინანსური აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურების სფეროში თითქმის 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ხელმძღვანელობდა. იგი არაერთი წელია, რაც EY საქართველოს გუნდის წევრია. ამჟამად აუდიტის პარტნიორის პოზიცია უკავია და 10 წელზე მეტია, რაც აუდიტის ხარისხის ლიდერია.
„მისმა ლიდერობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხარისხზე ორიენტირებული, მედეგი სერვისების განვითარებაში. ანა არის ნიუ ჰემფშირის შტატში (აშშ) ლიცენზირებული სერტიფიცირებული აუდიტორი (CPA). იგი ასევე არის საქართველოში სერტიფიცირებული აუდიტორი და რეგისტრირებულია როგორც აუდიტის პარტნიორი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. ამასთან, ანა არის აუდიტის ხარისხის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში (GFPAA) – პროფესიულ ორგანიზაციაში, რომელიც საერთაშორისო ბუღალტერთა ფედერაციის (IFAC) წევრია“, – აცხადებენ კომპანიაში.
როგორც თავად ანა კუსრაშვილი ამბობს, აუდიტის პრაქტიკის ხელმძღვანელის ამპლუაში იგი მიზნად ისახავს კლიენტებზე ორიენტირებული და ინოვაციური მიდგომების სრულყოფას, EY საქართველოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ორგანიზაციის ფარგლებში ინოვაციური მიდგომების დანერგვისა და გამორჩეული ლიდერების განვითარების ხელშეწყობას. მის გეგმებში ასევე შედის მუდმივი განვითარების კულტურის წახალისება, რაც უზრუნველყოფს EY-ის აუდიტის მიმართულების წამყვან პოზიციას ბაზარზე.
„ჩემთვის დიდი პატივია, გავუძღვე აუდიტის მიმართულებას – ამას ჩემთვის სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან თითქმის 20 წლის წინ სწორედ ამ კომპანიაში შევუდექი კარიერას დამწყები თანამშრომლის პოზიციაზე. EY-მ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ ზრდაზე და ჩემი მხრივ, მინდა, EY-ის მიმართ მადლიერება გამოვხატო იმით, რომ ჩვენი აუდიტის პრაქტიკის უფრო მეტად ზრდას შევუწყო ხელი. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ მიზანზე ორიენტირებულ ლიდერობას და მოუთმენლად ველი ჩვენი გუნდის სრული პოტენციალის გამოვლენას ჩვენს მომავალ საქმიანობაში, რაც გულისხმობს ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებას, სრულყოფილებისკენ სწრაფვასა და მუდმივ ინოვაციას.“ – აღნიშნა ანა კუსრაშვილმა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ანა კუსრაშვილის უდიდესი გამოცდილება და უკომპრომისობა, როცა საქმე ხარისხს ეხება, იმის გარანტიაა, რომ იგი აუდიტის მიმართულებას განვითარების ახალ, ინოვაციურ და წარმატებაზე ორიენტირებულ ეტაპზე გადაიყვანს.
