“Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტზე, ლოგისტიკასა და ტექნოლოგიებზე,“ – ლევან დავითაშვილი ჯიმ ბაროუზს შეხვდა

“Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტზე, ლოგისტიკასა და ტექნოლოგიებზე,“ – ლევან დავითაშვილი ჯიმ ბაროუზს შეხვდა
„ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank – ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა – ის Exim Bank – ში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილი აღნიშნული ორგანიზაციის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეს ჯიმ ბაროუზსა და ბანკის სხვა ტოპ-მენეჯერებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციალი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ტექნოლოგიები. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-სთან ეკონომიკური კავშირების, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამერიკული საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები. მან დეტალურად მიმოიხილა ბოლო წლებში საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომლებმაც ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყვეს. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოზე, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო – ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაზე. ითქვა, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჰაბის ფუნქციის შესრულება უფრო აქტიურად შეუძლია, მათ შორის, ამერიკული პროდუქციისთვის.
ხაზი გაესვა ბოლო წლებში ტვირთბრუნვის ზრდას შუა სატრანსპორტო დერეფნის გავლით. ქართულმა მხარემ აშშ-ის Exim Bank-ის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, რომლებიც მიმართულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისკენ.
შეხვედრაზე Exim Bank-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოს მხარესთან იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.