კირა ანდრონიკაშვილი 15 ნოემბერს 78 წლის გახდა. დაბადების დღეზე გამოქვეყნებულმა “სარაჯიშვილის” ფოტოსესიამ, საზოგადოებაში შოკში ჩააგდო.
სასმლის რეკლამაში მისმა ვარსკვლავურმა გარდასახვამ ყველას ჰოლივუდი გაახსენა და აღიარებინა, რომ თუ ამერიკას მერილ სტრიპი, ჯუდი დენჩი, ჰელენ მირენი და დაიან კიტონი ჰყავს, ჩვენ კირა გვყავს და ის მსოფლიოს ნაწილია.
ამ ფოტოებში არტისტის თვალებიდან წამოსული ძლიერი ქალური ენერგია და სხივი, სრულიად ატყვევებს მნახველს. თავის ფორმაში მოყვანა და კონიაკის მოწრუპვა გინდება. მოკლედ, ასიანში “გაარტყეს”.
კირა ანდრონიკაშვილის გენეალოგიას თუ გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რატომაც არის ასეთი ვარსკვლავური. ის ნატო ვაჩნაძისა და კირა ანდრონიკაშვილის ძმისშვილია. ამ ოჯახის ისტორია “პრაიმტაიმმა” მკითხველს, ცოტა ხნის წინ, ვრცლად შესთავაზა.
ამჯერად კი ქალბატონი კირა თავისი სილამაზის საიდუმლოს გვიმხელს.
კირა ანდრონიკაშვილი: ამ გადაღებით ძალიან ვისიამოვნე. კარგი გარემო დამახვედრეს, მუსიკა… ცოტა მოვწრუპე. მიყვარს, ცოტას ვსვამ ხოლმე და მერე “იშტაზე” მოვდივარ. ექვსი კოსტიუმი ჩამაცვეს, ექვსივეზე სხვადასხვა გარდასახვა მქონდა. პირველიდან რვა საათამდე გადაღებაზე, ფეხზე ვიდექი და არ დავღლილვარ. მერე ჩემს თავს ვამოწმებდი, ნეტავ ნორმალური ვარ-მეთქი?
ტელევიზიებშიც რომ მიწვევენ, უცებ მოდის გარდასახვა. თან “სარაჯიშვილის” ამ კრეატიულ ჯგუფში ისეთი გადასარევი ახალგაზრდები არიან – ბახვა ბრეგვაძე, ქეთი ხერხეულიძე, რომ თავს ნამდვილ ვარსკვლავად გაგრძნობინებენ… მაკიაჟიც სხვანაირი გამიკეთეს. მარი ხუციშვილი… დედაა, რა საოცარი ვიზაჟისტია.
ეს ჭაღარა თმა გამიკეთეს. თეთრი “მაზუთი” წამისვეს; თავისებური გამოვიდა. ჩემს შვილს, ნინას ამერიკიდან დაურეკეს, ჰოლივუდმა ვარსკვლავი დაკარგაო. (იცინის)
ბახვამ მითხრა, მადლობა, რომ ასე იტანჯე და გვენდეო. მე მათთან ადრეც ვითანამშრომლე. თვითმფრინავში გადამიღეს. ეტყობა, ვუყვარვარ.
რჩევა ქალბატონებს – იმისთვის, რომ არ დავბერდეთ
“ცუდი აზრები რომ გაიელვებს, უკუაგდეთ, გაატარეთ და გაიხსენეთ კარგი. მე წარმოსახვით ხშირად ვმოგზაურობ ხან ვარძიაში, ხან პარიზში, ხან – საფარაში… დაწოლის წინ ლოცვას ხომ წავიკითხავ, მერე სანამ დამეძინება, ასე წარმოსახვით დავივლი ტაძრებს, სადაც ვყოფილვარ.
ერთხელ ასეთი რამ მოხდა. ჩემი ქეთი აბარებდა უნივერსიტეტში. გამოცდის შემდეგ რაღაც პრობლემა შეიქმნა და მე უცებ ხილვა მაქვს: ჩემს წინ ტრიალი დაიწყეს ქაშვეთის ხატებმა. ეტყობა, მამშვიდებდნენ და ქეთის გამოცდამაც კარგად ჩაიარა.
არ ვიცი, ჩემი პრობლემებით სხვისი დამძიმება-დამწუხრება. მამამ არ გაიგოს, დედამ არ გაიგოს, სხვამ არ შემატყოს-მეთქი, ვფიქრობდი. მე უნდა მოვერიო და თავს შემოვუძახებ ხოლმე.
მიყვარს ფეხით სიარული. ბავშვებს რომ დავაპურებდი, საქმეებს მოვრჩებოდი, მერე ფანჯარას გამოვაღებდი (ადრე კარგი ჰაერი იყო) და დასასვენებლად წამოვწვებოდი ნახევარი საათით, თითქოს, თან მძინავს და თან – არა. მერე გავიდოდი და ფეხით დავდიოდი.
წლებია, დილაობით, სანამ ავდგები სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებ – ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, მერე წყვეტილად, მერე ისევ ღრმად. ათი წუთი. იცით, როგორ აწყნარებს ნერვულ სისტემას?! ყველა კუნთი ისვენებს და სხვაგან ხარ. ამ ვარჯიშებს დასასვენებლად წამოწოლის დროსაც ვაკეთებდი.
დილით რომ ავდგები, ჯერ ნაკურთხ წყალს ვსვამ, შემდეგ ოთახის ტემპერატურის ორ ჭიქა წყალს.
სიგარეტს არ ვეწეოდი. მეგობრებთან ერთად მომიწევია, მაგრამ რომ მივხვდი, არ მსიამოვნებდა, თავი რატომ მომეკლა?
დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კვების, მხრივ თვით წესრიგი მქონდა დამყარებული. ღამით არ ვიკვებებოდი. საღამოს სტუმრები რომ მოვიდოდნენ და დედა ცომეულს აცხობდა, მე არაფრით არ ვჭამდი. სეზონის მიხედვით მიყვარდა ხილი. გაზაფხულზე ალუჩა, ალუბალი, შემდეგ – გარგარი. აი, შემოდგომაზე მსხალი და ყურძენი მიყვარს.
ერთი პერიოდი მოდელად ამირჩიეს. ქუჩაში გვარჩევდნენ გოგონებს. ერთად ვიყავით მე, რუსიკო კიკნაძე, მანანა აბაზაძე, კიდევ სხვები… იმ დროიდან მოყოლებული, ინტუიციურად დაბალანსებულად და ზომიერად ვიკვებებოდი. ხორცს თუ შევჭამდი სუფრასთან, თევზს აღარ ვეკარებოდი. მერე დესერტად ტორტს არ დავაყოლებდი. საშინელებაა, სახამებელია.
იშვიათად ვბრაზდები. ვცდილობ არ გავბრაზდე, მაგრამ როცა გული მტკენია, არაფრით არ ვიწყებ ამაზე გაბრაზებული საუბარს. ერთ მეგობარზე გაბრაზებულმა, ამის სათქმელად მეორეს არ უნდა დაურეკო. დააცადე, ისედაც, მალე გადაგივლის. გადააფასებ, სხვა თვალით შეხედავ.
ვისაც ჩემი არ ესმის, არ ვუპასუხებ, სხვა თემაზე გადამყავს საუბარი.
მხოლოდ თავის მოვლით არ მიცხოვრია, ბევრი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ბევრი მიშრომია, ახლა გავზარმაცდი ცოტათი. რაც არ უნდა გავიპრანჭო, ასაკი თავისას შვრება. ავადმყოფობები გადავიტანე. მაგრამ თავს თვითონ ვიძლიერებ.
მოერიეთ სირთულეს, განსაცდელი თვითონ მართეთ. ისე გაძლიერდით, რომ აიტანოთ. უფლის მონიჭებული სიმშვიდე შეინარჩუნეთ, გქონოდეთ სიყვარული, სინანული და იმედი. უიმედოდ ცხოვრება არ შეიძლება.
მოკლედ, მადლობა ყველას ამდენი სითბოსთვის…”
ასევე დაგაინტერესებთ:
“დიდი სიამაყით ვამბობ, რომ ვარ ნატო ვაჩნაძე, დიდი ნატოს შვილიშვილი“- აქამდე უცნობი ფაქტები, ლეგენდარული მსახიობის პირად ცხოვრებაზე
„90-იანების ჩაბნელებული დიღმის, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული…“ – უცნობი ისტორია კაც-სიკეთეზე
„უარყოფით პერსონაჟებს თამაშობდა, ცხოვრებაში კი ძალიან წესიერი კაცი იყო. ბოჰემაში ტრიალებდა და ხომ შეიძლებოდა, რაიმე ცუდი ეთქვათ მასზე, მაგრამ არასდროს გამიგია“ – გოგი მაღალაშვილი მამაზე