“Evolution Georgia უცხოეთში შვედური ბიზნესის წარმატების მაგალითია”- ნათქვამია საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“ევოლუშენ ჯორჯია” საქართველოში Evolution Gaming-ის შვილობილია, რომელიც აზარტული თამაშების კომპანიებისთვის აუთსორს სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. “ევოლუშენ ჯორჯია” ქვეყანაში 7,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს, თუმცა 2024 წლის 12 ივლისიდან კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა, კომპანიამ კი განაცხადა, რომ დასაქმებულებთან კომუნიკაციის გაუარესების და გაფიცვების გაგრძელების შემთხვევაში საქართველოში მათი ოპერაციების შეზღუდვას არ გამორიცხავენ.
“ევოლუშენ ჯორჯიაში” დასაქმებულებმა კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
კომპანია მოინახულა საქართველოში შვედეთის ელჩმა ანა ლიბერგმა, რომლის განცხადებითაც ის გაოცებული დარჩა კომპანიაში არსებული მრავალფეროვანი სამუშაო გარემოთი, კარიერული ზრდის შესაძლებლობებითა და გენდერული თანასწორობის მიმართ კომპანიის მოწოდებით, რაც ელჩის განცხადებით, შვედურ ღირებულებებს ასახავს.
