Europcar-ის და Goldcar-ის ოფისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა

ქუთაისის აეროპორტის სტუმრები Europcar-ისა და Goldcar-ის მომსახურებით ისარგებლებენ. ესპანური ავტოგაქირავების საერთაშორისო ბრენდი Goldcar საქართველოში Europcar Georgia-მ შემოიყვანა. Goldcar გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.
სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Europcar-ისა და Goldcar-ის სერვისებით სარგებლობა უკვე ქუთაისის აეროპორტშია შესაძლებელი. Goldcar-ით გვსურს, ავტოგაქირავების სერვისი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. თუ Europcar გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე, ამასთან მოიცავს გრძელვადიანი, ერთიდან ხუთ წლამდე ვადით გაქირავების სერვისს, Goldcar ოპერირებს ბიუჯეტურ სეგმენტში და ორიენტირებულია მხოლოდ მოკლევადიან, მაქსიმუმ, ერთთვიან გაქირავებაზე. ბრენდი საუკეთესოდ პასუხობს მოგზაურთა საჭიროებებს.
საწყის ეტაპზე Goldcar ოპერირებას 42 ავტომობილით დაიწყებს და ის თავდაპირველად დიდ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი. გვიხარია, რომ რეგიონში კიდევ ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით, ბრენდის, რომელიც გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით“.
ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი: „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია, გარემო კი – საკმაოდ კონკურენტუნარიანი“.
ქუთაისის აეროპორტში სერვისით სარგებლობა ჩამოფრენის დარბაზში იქნება შესაძლებელი, სადაც Europcar-ის ოფისია განთავსებული. ავტომობილების დაჯავშნას მგზავრები შეძლებენ როგორც ადგილზე, ისე – კომპანიის ვებგვერდიდან.