რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს კონფერენციაზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიაში გამგზავრებას გეგმავს, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყება სკოპიეში. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს, მოსკოვმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა. ამის შესახებ Euronews წერს.
ცნობისთვის, რუსეთი არის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) 57 წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც შეიქმნა ცივი ომის დროს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაძაბულობის განმუხტვისათვის და ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელსაც ჯგუფის ამჟამინდელი თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვია.
ლავროვის ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან ნატოს წევრებმა აკრძალეს ფრენები რუსეთიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სამხედრო მოქმედება დაიწყო უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. ჩრდილოეთ მაკედონიაში მისასვლელად კი ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთის ან საბერძნეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დასჭირდება, რომლებიც ასევე დასავლეთის სამხედრო ალიანსს ეკუთვნის, თუმცა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გამონაკლისი დაუშვა და 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მან ლავროვის თვითმფრინავის ბულგარეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენის ნებართვა მისცა, თუმცა მათივე განცხადებით, ნებართვა არ ვრცელდება რუსეთიდან სხვა დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე არიან სანქცირებული პირები, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.