“ქართველმა პარლამენტარებმა ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი კანონი მიიღეს“ – ასე აფასებს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ – ე.წ. ქართულ FARA-ს.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა, „ქართული FARA-ს გამო, EUGBC-ი ახალი წევრი კომპანიების მიღებისგან თავს იკავებს, რადგან თუ უცხოური წყაროდან [საწევრო გადასახადის სახით] ფულის ჩარიცხვა დაუფიქსირდება, FARA-ს რეესტრში რეგისტრაცია მოუწევს.
„რამდენიმე სოლიდურმა უცხოურმა კომპანიამ მოგვმართა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ პასუხს ვუჭიანურებთ, რადგან [FARA-ს კანონი] შეგვეხება“ – თქვა ზვიად ჭუმბურიძემ.
EUGBC-ის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ „რუსული კანონის“ მსგავსად, „ქართული FARA“-ც არ ამოქმედდება.
„ეს კანონი არ უნდა გახდეს პოლიტიკური დასჯის ინსტრუმენტი“ – აღნიშნა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში ზვიად ჭუმბურიძემ დეტალურად ისაუბრა იმაზე, რომ EUGBC საწევრო გადასახადზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, ამიტომ „ქართული FARA“ საქმიანობის შეფერხებას გამოიწვევს, რადგან EUGBC უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას არ აპირებს.
„ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო საწევრო შენატანია. წევრი კომპანიების მიერ გადახდილი თანხებით ვატარებთ კონფერენციების, თემატურ ფორუმებს და ვეხმარებით ქართულ ბიზნესს ახალი პარტნიორების პოვნაში, რათა განვითარდეს და სტაბილური გახდეს.
ჩვენი ასოციაცია მოხარული იყო, როცა იღებდა ფრანგ ან გერმანელ წევრებს; ასევე, როცა რეგიონიდან – სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან კომპანიები ინტერესდებოდნენ EUGBC-ში გაწევრიანებით, მაგრამ დღესდღეობით, ეს თემა დავხურეთ, რადგან როგორც კი მაგალითად, აზერბაიჯანული კომპანია გაწევრიანდება და საწევროს გადაიხდის, ამ კანონის თანახმად, უნდა დავრეგისტრირდეთ… ეს კატასტროფულად დამაზიანებელია და იქნებ თავი შეიკავონ ამოქმედებისგან, როგორც წინა [რუსული კანონის] შემთხვევაში და კარგად დაფიქრდნენ, რა ეკონომიკურ შედეგს მოუტანს ქვეყანას.
სჯობს, ქართველმა პარლამენტარებმა ოკუპირებულ ქვეყანაში სხვა რამეზე იზრუნონ. იცით, რაზეა კანონი მისაღები? 33 000 რუსული კომპანია რომ დარეგისტრირდა და არც უშიშროების საბჭომ, არც სუს-მა და არც შს სამინისტრომ რომ არ იცის, რას საქმიანობენ ან კიდევ რა ქოლგის ქვეშ იმყოფება 80 000-მდე რუსი მოქალაქე, ვინც შეიძლება, ტროას ცხენი გახდეს. ტურისტებს არაფერს ვერჩი, მაგრამ სტუმარი მე გამიგია მოკლე ვადით“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
EUGBC 2006 წელს ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა. როგორც ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, ამ ეტაპზე, წევრებს 2025 წლის საწევრო გადასახადი გადახდილი აქვთ, ხოლო მომავალი წლის საქმიანობის პროგნოზირება უჭირს.
