წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების მხრიდან გახშირებული თავდასხმების ფონზე, კომერციული გემები იძულებული არიან, მარშრუტები შეცვალონ. ამიტომ, გამოცემა Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტმა, რომელიც EU-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჰუსიტების წინააღმდეგ მისიის გაგზავნას მხარი დაუჭირა.
Reuters-ის თქმით, ამ ეტაპზე მიზანია, რომ აღნიშნული მისია არაუგვიანეს 19 თებერვალს იყოს ჩამოყალიბებული. ხოლო ზოგიერთი დიპლომატის თქმით, ისინი ამ პროცესის დაჩქარებას იმედოვნებენ. ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მისიის გაგზავნის საკითხს 22 იანვარს განიხილავენ.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) – ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი, რომელმაც მისიის გაგზავნის წინადადება წამოაყენა – გამოცემა Reuters-ს კონფიდენციალურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა.
დიპლომატების თქმით, საფრანგეთი და იტალია, რომლებმაც რეგიონში სამხედრო ხომალდები უკვე განალაგეს, და გერმანია, რომელიც ფრეგატ Hesse-ს გაგზავნას გეგმავს, ზემოხსენებულ მისიაში პირველი წვლილის შემტანი სახელმწიფოები იქნებიან. თავად მისიას კი ევროკავშირი დააფინანსებს.
წინა კვირას, იტალიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა აშშ-ბრიტანეთის მიერ იემენელ ჰუსიტებზე მიტანილ საჰაერო იერიშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ასევე უარი თქვეს, ხელი მოაწერონ აღნიშნული იერიშის გამმართლებელ განცხადებას, რომელსაც 10-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, მათ შორის ნიდერლანდებმა, გერმანიამ და დანიამ.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.
12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.
გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს, 10 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა, მხარი კი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა.
ამასთან, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჰუსიტებზე მოკავშირეების იერიში დაგმო და “სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიად” მოიხსენია.