EU-ს სანქციების მე-12 პაკეტი სხვა საკითხებთან ერთად, რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვასაც ითვალისწინებს | მედია

რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მე-12 პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად, შევა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა, ნავთობის სანქციების კორექტირება და ს ფედერაციაში ჩარხების ექსპორტის აკრძალვა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იარაღის დასამზადებლად იყენებს – ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
მედიის ცნობით, პაკეტის მთავარი მიზანია უკვე დაწესებულ შეზღუდვებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
„სანქციების ახალი პაკეტის მთავარი მიზანია კიდევ უფრო დაასუსტოს კრემლის შესაძლებლობა გვერდი აუაროს ევროკავშირის სანქციებს და გამოკვებოს თავისი სამხედრო მანქანა, ასევე მოსკოვის შემოსავლის წყაროების შემცირება“, – წერს გამოცემა.
კანონპროექტის მიხედვით, სანქციების პაკეტი ითვალისწინებს 1-ელი იანვრიდან რუსული ბრილიანტის აკრძალვას, ასევე მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტების იმპორტის ირიბი აკრძალვის ეტაპობრივ დაწესებას.
ნავთობის სექტორში ევროკავშირი გეგმავს დამატებითი მკაცრი პირობების შემოღებას რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერების დაზღვევის, გაყიდვისა და იჯარისთვის.
ახალი სანქციები გავლენას მოახდენს სამხედრო წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის ვაჭრობაზეც – ქიმიკატებზე, ლითიუმის ბატარეებზე, თერმოსტატებზე, ძრავებზე და დრონების ძრავებზე. წინადადებები ასევე მოიცავს შეზღუდვებს რუსეთიდან თხევადი პროპანის, რკინისა და სპილენძის, სპილენძის მავთულის, ალუმინის მავთულის იმპორტზე.
თუ წინადადებები დამტკიცდება, 30-ზე მეტი კომპანია დაემატება იმ სუბიექტების სიას, რომლებთანაც ვაჭრობა შეზღუდულია.