ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ გაერთიანების წევრობამ მათ ქვეყანას სარგებელი მოუტანა, – ამას აჩვენებს “ევრობარომეტრის” უახლესი კვლევა.
“ევრობარომეტრი 104” 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ჩატარდა და ჯამში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 26,445 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევაში ევროპელების 74% აცხადებს, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობით ისარგებლა. გაერთიანების მოქალაქეების 59% ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავლის მიმართ, ხოლო რესპონდენტთა 73% თავს ევროკავშირის მოქალაქედ გრძნობს.
ევროკავშირისადმი ნდობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. გაერთიანებას გამოკითხულთა 48% ენდობა.
რესპონდენტთა 67% იზიარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირი “სტაბილურობის კერაა მშფოთვარე სამყაროში”.
ევროკავშირის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. გამოკითხულთა 83%-ს მიაჩნია, რომ კავშირმა გლობალურად უნდა მოახდინოს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია.
გამოკითხული ევროპელების 79% მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას.
42%-ი ფიქრობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპის მოქალაქეების ცხოვრებაზე ყველაზე დიდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სულს 26%-ს, ევროკავშირში სურსათის, ჯანდაცვისა და სამრეწველო მარაგების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია 25%-ისთვის, ხოლო არალეგალური მიგრაციის მართვა პრიორიტეტულია 24%-ისთვის.
გამოკითხულ ევროპელებს სურთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი დაიხარჯოს დასაქმებაზე, სოციალურ საკითხებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე (42%), განათლებაზე, მომზადებაზე, ახალგაზრდობაზე, კულტურასა და მედიაზე (36%) და თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე (35%).
ევროპელი რესპონდენტების 77% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში ევროკავშირის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევად რჩება (26%), მას მოსდევს იმიგრაცია (20%), საერთაშორისო ვითარება (19%) უსაფრთხოება და თავდაცვა (18%).
ევროპელი რესპონდენტების 81% ემხრობა ომს გამოქცეული ადამიანების მიღებას ევროკავშირში, ხოლო 77% ფიქრობს, რომ უმჯობესია უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
ევროკავშირის მოქალაქეების 73% მხარს უჭერს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მთავრობის, კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ. 59% ეთანხმება უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ხოლო 57% მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენისა და მიწოდების დაფინანსებას.
ცნობისთვის, ევრობარომეტრის გამოკითხვა ჩატარდა ცხრა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაში (უკრაინის გარდა) და გაერთიანებულ სამეფოში. კვლევა ჩატარდა საქართველოშიც. როგორც კვლევა აჩვენებს, საქართველოში მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად ფასების ზრდა და ინფლაცია რჩება.
კვლევაში დასმულ კითხვაზე, თუ რომელია ქვეყნის წინაშე მდგარი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, საქართველოს მოქალაქეების 37% პირველი რიგის გამოწვევად ფასების ზრდას, ინფლაციასა და ცხოვრების გაძვირებას ასახელებს .
ევრობარომეტრით გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია




