EU-ს ელჩი: დარწმუნებული ვარ, უვიზოს შეჩერება ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში Movement-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ EU რეაგირების რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელებს, მათ შორის, მაგიდაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც დევს.
ჰერჩინსკი Movement-თან ამბობს, რომ ევროკავშირი ნათელი იყო საკუთარ განცხადებებში, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებას შედეგები მოჰყვებოდა:
„ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, მათ შორის, უმაღლეს დონეზეც — ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, რომ ამ კანონის არსებული ფორმით მიღებას მოჰყვება შედეგები. ორშაბათს, 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაიწყეს შედეგებზე მსჯელობა. -სგან განსხვავებით, ევროკავშირი უფრო კომპლექსურია. ჩვენ 27 სუვერენული ქვეყანა ვართ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი ერთსულოვნად მიიღება. ამ დროისთვის წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვეს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელი ვარიანტი აირჩიონ და როგორი რეაგირება იქონიონ. იმედი მაქვს როდესაც 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისის ბოლოს კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვერსია განიხილება, მაგრამ წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, თუ რა ზომები იქნება გატარებული“ — აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი.
ელჩის თქმით, საქართველომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გარკვეული პირობებით მიიღო და უნდა შემოწმდეს, რუსული კანონის მიღების შემდეგ ეს დათქმები კვლავ სრულდება თუ არა.
ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ 6 თვით უვიზო რეჟიმის შეჩერებას წევრი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა სჭირდება და გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ, თავად ის კი პერსონალურად ამ ნაბიჯის გადადგმას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რამდენადაც მიაჩნია, რომ ამით საქართველოს რიგითი მოქალაქეები დაზარალდებიან:
„ჩვენ შევთანხმდით უვიზო რეჟიმზე საქართველოსთან, გარკვეული პირობებით. უნდა შევამოწმოთ, ამ კანონის კონტექსტში ეს პირობები კვლავ სრულდება საქართველოს შემთხვევაში.ექვსი თვით შეჩერებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, ნახევარზე ცოტა მეტი. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის მხარდაჭერა.დარწმუნებული ვარ ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები. ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის ის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები დაზარალდებიან. რადგან ქართველ ხალხს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობა თავისუფალი მიმოსვლის სიკეთეებით, მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, გადაწყვეტილება კი წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში“ — აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში Movement-თან.

ასევე დაგაინტერესებთ