EU, სავარაუდოდ, განბლოკავს უნგრეთისთვის 10 მილიარდიან დახმარებას – მედია

ევროკავშირი, სავარაუდოდ, უნგრეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ნაწილს, კერძოდ კი დაახლოებით 10 მილიარდ ევროს, განბლოკავს, წერენ წყაროებზე დაყრდნობით „ფრანს 24“ და „ეურაქტივი“.
გადაწყვეტილება ემთხვევა ევროკავშირის წევრთა სამიტს, რომელზეც უნდა შედგეს 14-15 დეკემბერს და რომელზეც უნდა განიხილონ სთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება, ხოლო საქართველოსთვის – კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამავე შეხვედრაზე დადგება უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების გამოყოფის საკითხი.
უნგრეთის პრემიერი იმუქრებოდა, რომ ფაქტობრივად, ჩაშლიდა სამიტს, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის როგორც დახმარების გამოყოფას, ასევე კიევთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. უნგრეთის პრემიერი აცხადებდა, რომ მისი პოზიცია უკრაინის მიერ კორუფციასთან არასაკმარისი ბრძოლით და სხვა მიზეზებით იყო განპირობებული, თუმცა, არ უკავშირდება ბუდაპეშტ-ბრიუსელის დაპირისპირებას კანონის უზენაესობის საკითხზე, რომლის გამოც ევროკავშირმა გაუყინა უნგრეთს მილიარდობით ევროს დახმარება.
მიუხედავად ორბანის განცხადებებისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საკითხი მას სწორედ ამ დახმარების მისაღებად, ვაჭრობისთვის სჭირდებოდა. სავარაუდოდ, თუკი უნგრეთი დახმარებას მიიღებს, ორბანიც დათმობს და უკრაინას აღარ „დაბლოკავს“.
ამისდა მიუხედავად, ევროპული კომისია, მედიის ცნობით, განაცხადებს, რომ გადადგმული ნაბიჯი არაა ორბანის დაშოშმინება და იმითაა გამოწვეული, რომ უნგრეთმა შეასრულა ბრიუსელის ზოგი რეკომენდაცია.
ევროპარლამენტის ლიბერალურად განწყობილი წევრები და ადამიანის უფლებების დამცველები შესაძლო გადაწყვეტილებას უკვე აკრიტიკებენ. მათი თქმით, ორბანმა თავისი გაიტანა, ხოლო ადამიანის უფლებები უნგრეთში, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, არ გაუმჯობესდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც