EU-მ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ნაწილი შეაჩერა – რა რისკებზე საუბრობენ განათლების ექსპერტები (ვიდეო)

Erasmus+-ის წლევანდელი გზამკვლევის მიხედვით, ევროკავშირმა საქართველოსადმი ფინანსური დახმარების ნაწილი შეაჩერა. ცვლილებით გაუქმდება ის პროექტები, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა სჭირდება, მათ შორის უნივერსიტეტების განვითარებაზე, ბიბლიოთეკებსა და ლაბორატორიებზე მიმართული მილიონი ევროს ფარგლებში დაფინანსება. დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოს უკავშირდება, რის გამოც ევროკავშირს აღარ სურს თანამშრომლობა ქართულ სახელმწიფო უწყებებთან.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ უმაღლესი განათლების ევროპული სტანდარტებით განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობასაც კარგავს. მათივე აზრით, შესაძლოა შეზღუდვას განგრძობითი ხასიათი ჰქონდეს და მომავალში შეეხოს გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებსაც.

Erasmus+ ევროკავშირის ფლაგმანური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლასა და ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. ახლა, საქართველოს პოლიტიკის გამო, არსებობს საფრთხე, რომ სტუდენტები ამ შესაძლებლობების გარეშე დარჩნენ – განსაკუთრებით განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმების ფონზე.