EU-კომისია: ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს EU-ში სამოგზაუროდ ვიზა დასჭირდებათ

დღეს ევროკომისია წარადგენს წინადადებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ქართველი დიპლომატების შემთხვევაში შეჩერდეს. როგორც ევროკომისიის საიტზეა განმარტებული, თუ საბჭომ მიიღო ეს წინადადება, ქართველ დიპლომატებს, მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, ევროკავშირში გამგზავრებისთვის ვიზა დასჭირდებათ.
სავიზო რეჟიმის გამარტივება, როგორიცაა განაცხადის ხანმოკლე დრო, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა, ასევე აღარ გავრცელდება დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელ ქართველებზე.
“ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს ნეგატიურ გავლენას ხალხებს შორის კონტაქტზე, რადგანაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივ პასპორტებს ფლობენ, გააგრძელებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას ევროკავშირში ხანმოკლე მოგზაურობების დროს.
ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას აღარ ეცდება.
გარდა ამისა, ბოლოდროინდელი ქართული კანონმდებლობა, მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და “ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც ევროკავშირის ფასეულობებს უდევს საფუძვლად. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის”, – ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.
ევროკომისია განმარტავს, რომ თუ საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, წევრ სახელმწიფოებს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევთ. ეს კი ნიშნავს, რომ თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელების მიმართ სავიზო მოთხოვნების უნდა გამოიყენონ, რის შესახებაც წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას უნდა აცნობონ.