EU-ის წევრთა უმრავლესობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია — ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ს განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
ჰერჩინსკის თქმით, წევრ სახელმწიფოებს შორის მრავალი თვეა, მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება უბრალოდ „კიდევ ერთი მოსაზრებაა“.
„ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო სარგებლობს პრივილეგირებული ურთიერთობით ევროპის კავშირთან. მაგრამ ბოლო პერიოდში, თითქმის ერთი წელია, სამწუხაროდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ ვითარდება. მე გულწრფელად ვეუბნები ქართველ ხალხს, რომ ახლა ეს ურთიერთობა დაბალ ნიშნულზეა და უკვე რამდენიმე თვეა, ვფიქრობთ, როგორც ევროკავშირმა, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და კანონმდებლობას, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს და რაც ქვეყანას აშორებს ევროკავშირისგან. კითხვაც სწორედ ეს არის — ამ გამორჩეულ ურთიერთობას, რომლითაც საქართველო დღემდე სარგებლობდა, გააჩნია თუ არა კვლავ საფუძველი?“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი არ უქმდება.
„მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო — ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისთვის და კანონმდებლობისთვის, რომელიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ, თუმცა დასძინა, რომ დისკუსია გრძელდება და საბოლოოდ ეს იქნება წევრი ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილება.
„ამ ეტაპზე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.