ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბათუმელების ხელმძღვანელის მზია ამაღლობელისა და ბათუმელების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავება გამოხატვის თავისუფლებას აკნინებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს.
“საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს”- ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.