საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირისადმი ნდობის შერყევის კოორდინირებულ ძალისხმევას გარკვეული შედეგი აქვს.
„რუსეთის ჰიბრიდული ქმედებები ჩვენ ყველას გვეხება. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის საომარი მანქანა უკიდურესად სასტიკია და უკრაინას ანადგურებს, მათ მაინც ჰყოფნით დრო და რესურსი და არ ზოგავენ ძალისხმევას იმისთვის, რომ შექმნან დაბნეულობა; ეჭვქვეშ დააყენონ ის, რასაც ჩვენ ადრე საღ აზრად ვთვლიდით. და ეს ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის (UGSPN) ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ევროპა არის…? ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!“.
ელჩი გამოეხმაურა ევრობარომეტრის კვლევას, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 17%-ით არის შემცირებული. ასევე თქვა, რომ სხვა გამოკითხვა სხვა შედეგზე მიუთითებს.
„გინახავთ ბოლო გამოკითხვები, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის კლების ტენდენციას აჩვენებს? არსებობს სხვა გამოკითხვები და ისინი განსხვავებულ შედეგს აჩვენებს. მე არ ვამახვილებ ყურადღებას რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, მაგრამ აშკარაა — თუ ასჯერ, ათასჯერ, ათი ათასჯერ გაიმეორებ, რომ ევროპული ინტეგრაცია მცდარია, რომ ევროკავშირი კვდება, მის დემონიზაციას ეწევი… ამას შედეგი აქვს. თუნდაც საზოგადოება იყოს ძალიან გამძლე, თუნდაც ადამიანები იყვნენ განათლებულნი, თუნდაც მათ საღი აზრი და ლოგიკა გამოიყენონ — არსებობს კოორდინირებული მცდელობა, რომელიც უკვე მრავალი თვეა გრძელდება, რათა შეილახოს ევროკავშირის სანდოობა. და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ეს ხდება უკრაინაშიც. ეს ხდება სერბეთში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც“, — თქვა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირს აქვს რუსეთის ჩარევის მტკიცებულებები, დემოკრატიის დასასუსტებლად გამოიყენება მასშტაბური რესურსები და მას წინ უნდა აღდგეს.
„უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვპასუხობდეთ, უნდა ვაწვდიდეთ ნამდვილ ამბავს — და არა დამახინჯებულ ფაქტებსა და ალტერნატიულ რეალობებს“, — დასძინა ჰერჩინსკიმ .
ევრობარომეტრის კვლევის თანახმად, გასული წლის შემოდგომიდან ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 49% შეადგინა. ერთ წელში EU-სადმი ნდობა საქართველოში 17%-ით შემცირდა. სტანდარტული ევრობარომეტრი ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაა. კვლევის საველე სამუშაოები სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია GORBI-მ ჩაატარა. ამ ორგანიზაციას კვლევები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ტარდება ხოლმე.
