EU-თან უვიზოს შეჩერება ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირებას კითხვის ქვეშ დააყენებს – ცოტნე ჯაფარიძე

ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებლის ცოტნე ჯაფარიძის შეფასებით, EU-თან უვიზო რეჟიმის შეჩერება ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირებას დიდი კითხვის ქვეშ დააყენებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის” საპასუხოდ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების სცენარის კომენტირებისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი სულ უფრო რეალური ხდება – თუ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს აგვისტოს ბოლომდე არ შეასრულებს, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს.
ცოტნე ჯაფარიძის თქმით, Wizz Air-ის საქართველოს ბაზარზე ყოფნა, ძირითადად, დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობენ და თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდა, ლოგიკურად, შედარებით ნაკლები მოქალაქე შეძლებს მოგზაურობას, რაც ავიაკომპანიის შემოსავლებზეც აისახება.
“მთლიანობაში, საერთოდ ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან აეროპორტს ასულდგმულებს Wizz Air-ი, რომელი ევროპის დედაქალაქებში დაფრინავს. Wizz Air-ის საქართველოს ბაზარზე ყოფნა, პირველ რიგში, ქართველებზეა დამოკიდებული და შემდეგ ევროპის ქვეყნების იმ მოქალაქეებზე, ვინც საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიან“, – თქვა ცოტნე ჯაფარიძემ და იქვე დასძინა, რომ თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ეს ძალიან დააზარალებს არა მხოლოდ იმ ტუროპერატორებს, რომლებიც ევროპაში გამყვანი ტურიზმით არიან დაკავებული, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სხვა რგოლს – სასტუმროებით დაწყებული სატრანსპორტო კომპანიებით დამთავრებული.
„წერტილთან“ ინტერვიუში ცოტნე ჯაფარიძემ გაიხსენა 2017 წლამდე პერიოდი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში სამოგზაუროდ, სამუშაოდ თუ სამკურნალოდ წასასვლელად ვიზების აღება უწევდათ, რომელიც დიდ ბიუროკრატიასთან იყო დაკავშირებული და თან ხარჯებს ზრდიდა.
„ახალმა თაობამ არ იცის, რას ნიშნავს ვიზის რიგში დგომა… თუ ისევ უკან დავბრუნდით, როცა სავიზო რეჟიმი გვქონდა ევროპის ქვეყნებთან, ამით არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სექტორი – ტურიზმი დაზარალდება, არამედ – ყველა მოქალაქე.
წარმოიდგინეთ, ახლა თუ სამკურნალოდ ან სასწრაფო ქირურგიული ოპერაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ გაფრინდნენ ევროპის ქვეყნებში, ეს შეუძლებელი გახდება და ყველას მოუწევს ვიზის აღება…
ასევე, ჩვენ საყვარელ სპორტსმენებს – ს და სხვებს, ჩვენ და ჩვენი შვილები ევროპის ქალაქების სხვადასხვა სტადიონზე ვერ ვუგულშემატკივრებთ – დაგვჭირდება ვიზების აღება და უფრო ძვირიც დაგვიჯდება მოგზაურობა…
გარდა ამისა, რამდენი ოჯახი ვიცით ისეთი, რომლის ერთი წევრი მაინც ემიგრაციაშია ან 6-6 თვით, რათა ვიზა არ გააფუჭოს, ჩადის ხან პოლონეთში, ხან – იტალიაში, რომ იმუშაოს და არჩინოს ოჯახი?! აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში, როცა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მკვეთრად შემცირდა, უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ჩვენი თანამემამულეების ფულადი გზავნილებია…“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
სამოქალაქო აქტივისტს მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც საქართველოსთვის, დამოუკიდებლობის ისტორიაში, უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რომელიც ერთი ადამიანის – ს ინტერესს ეწირება.
„ის ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი – არის რუსული გავლენის ქვეშ თავისი ფულის უსაფრთხოებისთვის თუ სხვა გარიგების გამო, არ ვიცი… მაგრამ ფაქტია, სასწორის ერთ პინაზეა ერთი ადამიანი და მეორე მხარეს – მთელი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე. მემარცხენე ვართ თუ მემარჯვენე ეკონომიკური იდეოლოგიის, უვიზო მიმოსვლა ყველასთვის მნიშვნელოვანია მონაპოვარია“, – აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.