EU: ვაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ

ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი 2008 წლის აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მასში ხაზგასმულია, რომ გაერთიანება აგრძელებს ძალისხმევას ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ EU კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
“7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 17 წლისთავია. ევროკავშირი ურყევად აგრძელებს თავის ერთგულებას საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM Georgia), როგორც ერთადერთი საერთაშორისო მისია ადგილზე, გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციაში.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ ს მიმდინარე სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ განიცდის ადამიანის უფლებების დარღვევას. უნდა მოიხსნას შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე და აუცილებელია ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევების გამოძიება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა წინაშე არსებული გამოწვევები კვლავ არსებობს და ჩვენ ხაზს ვუსვამთ მათ უფლებას, აირჩიონ მდგრადი გადაწყვეტა, მათ შორის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) თანათავმჯდომარე და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის მეშვეობით. ჩვენ მოვუწოდებთ GID-ის ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების სრული განხორციელების უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ერთგული რჩება რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობების მიმართ”, – წერია განცხადებაში.