ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უეფას და ფიფას [ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციებს] არ შეეძლოთ რიგი ტოპ-კლუბების მიერ ახალი ტურნირის, სუპერლიგის შექმნის დაბლოკვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიფასა და უეფას რეგლამენტის ნორმები, რომლითაც ნებისმიერი ტურნირი ჩასაშვებად მოითხოვს მათ ნებართვას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მსურველ კლუბებს შეეძლებათ სუპერლიგა ან სხვა ტურნირი შექმნან ისე, რომ არ მოექცნენ უეფასა და ფიფას მიერ სანქციების დაწესების რისკის ქვეშ. ეს სანქციები დიდ ზიანს მოუტანდა კლუბებს – უეფა და ფიფა იმუქრებოდნენ სხვადასხვა პრესტიჟული ტურნირიდან მათი მოკვეთით, მათ რიგებში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის ეროვნულ ნაკრებებში გამოსვლის აკრძალვით და ა.შ.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა 2021 წლის 18 აპრილის მოვლენები, როცა თორმეტმა ევროპულმა საფეხბურთო კლუბმა „სუპერლიგის“ შექმნის შესახებ განაცხადა. „სუპერლიგა“, მისი დამფუძნებლების განცხადებით, „არის ახალი ტურნირი, რომლის [მატჩებიც] შუა კვირაში ჩატარდება“, ხოლო პარალელურად მასში მონაწილე გუნდები თავიანთ ეროვნულ ჩემპიონატებში განაგრძობენ ასპარეზობას.
განცხადებას „სუპერლიგის“ შექმნის შესახებ მალევე მოჰყვა ევროპის საფეხბურთო ასოციაციების ფედერაციის (უეფა) კრიტიკა. გარდა ამისა, „სუპერლიგის“ საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს ეროვნულმა საფეხბურთო ასოციაციებმა.
ოდნავ მოგვიანებით, გავრცელდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) განცხადება, რომელშიც ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ შესაძლოა „სუპერლიგაში“ მონაწილე ფეხბურთელებმა ფიფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე — მათ შორის მსოფლიო სანაკრებო ჩემპიონატზე – მონაწილეობა ვერ მიიღონ. გარდა ამისა, უეფა და ეროვნული ასოციაციები აცხადებდნენ, რომ „სუპერლიგის“ მონაწილე გუნდებმა შესაძლოა ვერ მიიღონ მათი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობა.
სუპერლიგის წინააღმდეგ მაშინ გულშემატკივრებიც გამოვიდნენ და თავიანთი კლუბების სტადიონებთან საპროტესტო აქციები გამართეს. ამ ყველაფრის ფონზე, ბევრმა გუნდმა დატოვა პროექტი. მასში დარჩნენ მადრიდის რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი.