EU-ის წარმომადგენლობა ვანდენბრუკზე: სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა, ბოდიში მოიხადეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს მათი თანამშრომელი, სიმონ ვანდერბრუკი საქართველოში არ შემოუშვეს.
საელჩო ფორმულასთან აცხადებს, რომ ამის შესახებ სიტყვიერი ნოტა გაუგზავნეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ვანდერბრუკს შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა.
“ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სათანადოდ აკრედიტებულ წევრს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა მოქმედ ნორმებს, რომლებსაც საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა. საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია [საქართველოში] თავის ადგილს დაუბრუნდეს”, – აცხადებს წარმომადგენლობა ფორმულასთან.
გუშინ, 22 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩოს თანამშრომელი სიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
ევროკავშირის საელჩოს ატაშე საქართველოში ცხოვრობს.
ამჟამად ის ევროკავშირის საელჩოში გაფართოების საკითხებზე მუშაობს. მანამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი იყო.