ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო მებრძოლად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი დაასახელა.
ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა შერეული ორთაბრძოლების 13 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოს გამოვლენა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ღონისძიებად UFC 317 დასახელდა, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
„მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ ლიდერობა გაინაწილეს, თუმცა მცირე უპირატესობა მერაბ დვალიშვილს მივანიჭეთ. ორივე ქართველია და ერთმანეთისთვის ახლო მეგობრები არიან.
მერაბ დვალიშვილმა გასულ ექვს თვეში თავისი ტიტული ორჯერ დაიცვა, მაშინ, როცა ილია თოფურიამ ერთი შეხვედრა ჩაატარა. დვალიშვილმა იანვარში, UFC 311-ზე, უმარ ნურმაგომედოვს პროფესიული კარიერის განმავლობაში პირველი მარცხი გაუფორმა — რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ამ წარმატებას მოჰყვა მისი დამაჯერებელი გამარჯვება შონ ო’მალისთან შეხვედრაში, რომელიც ივნისში, UFC 316-ის ფარგლებში შედგა. ამ შედეგებით დვალიშვილი ESPN-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზე გადავიდა.
ამჟამად ქართველი ტიტულის მორიგი დაცვის თარიღს ელოდება — მისი მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. თოფურიას კი, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა არ მოუწევს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დეკემბერში კვლავ ამავე დებატს დავუბრუნდებით — ვინ იქნება წლის საუკეთესო მებრძოლი“, – წერს გამოცემა.
