ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) საქართველოში არსებულ ვითარებაზე რეზოლუციის პროექტი მოამზადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მზია ამაღლობელის გათავისუფლებასაც მოითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე ავრცელებს, რომელიც EPP-ს რეზოლოციის პროექტი მიაწოდეს.
ჟურნალისტის ცნობით, დოკუმენტი 16- პუნქტიანია და მე-6 პუნქტში მზია ამაღლობელზეა საუბარი.
„[EPP-ის რეზოლუციის პროექტი] ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე ოთხ კვირაზე მეტია უსამართლო პატიმრობის გამო შიმშილობს და სიცოცხლისთვის კრიტიკული და შეუქცევადი შედეგების წინაშე დგას“, – ნათქვამია EPP-ის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც თამარ ნუცუბიძე ავრცელებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, EPP მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უპირობოდ და რაც შეიძლება სწრაფად, გაათავისუფლონ პატიმრები.
„[EPP-ის რეზოლუციის პროექტი] კატეგორიულად გმობს საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს…
გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას და ცემას, რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო, ამას მოჰყვა ისეთი პოლიტიკური ლიდერების დაკავება, როგორებიც არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა, როგორც „ქართული ოცნების“ და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ძალადობის შოკისმომგვრელი ესკალაცია;
ითხოვეს თვითგამოცხადებული „პარლამენტის“ მიერ ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას“, – ნათქვამია EPP-ის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც თამარ ნუცუბიძე ავრცელებს.
ჟურნალისტის ცნობით, EPP-ის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ამასთან, მოთხოვნილია ახალი არჩევნების ჩატარება.
მისივე ინფორმაციით, EPP მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დააწესოს ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და სხვა პასუხისმგებელი პირების მიმართ და გადაწყვეტილებას ვიზა-ფასილიტაციის შეჩერებაზე დიპლომატიურ და სამსახურეობრივ პასპორტებზე.
როგორც ჟურნალისტი წერს, EPP მოუწოდებს ევროკომისიას, 120 მილიონი ევრო გადამისამართებული იქნას არასამთავრობო სექტორზე და მედიაზე.
ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები 13 თებერვალს გაიმართება. როგორც ევროპარლამენტის დღის წესრიგშია აღნიშნული, დებატების თემა იქნება „საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება“.
