EPP-ის განცხადება, ფაქტობრივად, საქართველოში გადატრიალების მხარდაჭერას წარმოადგენს – მათ შეძლეს, რომ „ქართული ოცნება“ მოძალადედ, ხოლო კრიმინალების დაჯგუფება მსხვერპლად გამოეცხადებინათ
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, ნინო წილოსანი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საუბრობს ევროპის ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება EPP-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. წილოსანის განცხადებით, საქართველოში “ანტიფას” მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციის წახალისება და მხარდაჭერა მიმდინარეობს ევრობიუროკრატთა მხრიდან, ამავე დროს, კი რიგი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დუმან და არ აკეთებენ კომენტარს 4 ოქტომბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ამ საშინელი კადრების მიუხედავად, სადაც პირდაპირ რეჟიმში ვუყურებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, სამწუხაროდ ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები სდუმან და არ აფასებენ ამ უმძიმეს მოვლენას. ამის მიუხედავად, გვესმის არაერთი განცხადება რიგი ევროკომისრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებისგან, რომლებიც, პირიქით, ამ მოვლენას მხარდაჭერას უცხადებენ. იმის პარალელურად, როდესაც აშშ-ში „ანტიფას“ და მსგავს ორგანიზაციებს ტერორისტებად აცხადებენ და გაცხოველებული ბრძოლა აქვთ გამოცხადებული მათ წინააღმდეგ საქართველოში „ანტიფას“ ადგილობრივი, ქართული პროტოტიპის წახალისება და მხარდაჭერა მიმდინარეობს. ამ ვიდეო კადრში მინდა ევროპის ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება EPP გაგაცნოთ და მისი განცხადება წაგიკითხოთ: „ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დევნის მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის გაქრობას და საზოგადოებაში სრული შიშის დათესვას. მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების მიმართ“.
წარმოგიდგენიათ, მაშინ როდესაც მათთვის წოდებულმა პროევროპულმა პარტიამ რამდენიმე კვირის წინ დაგვიანონსა სახელმწიფო გადატრიალება, ემზადებოდნენ ამ ყველაფრისთვის, დიდძალი ასაფეთქებელი, იარაღი, თუ სხვა საშუალებები იყო მობილიზებული ამ ყველაფრისთვის. 4 ოქტომბერს 4 საათზე კი, შეიკრიბნენ, ადგილზე კიდევ ერთხელ კენჭი უყარეს სახელმწიფო გადატრიალების იდეას, გაემართნენ სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის დასაკავებლად, შეიჭრნენ პრეზიდენტის სასახლეში, ათეულობით პოლიციელი დაასახიჩრეს და სასწაულებრივად გადარჩა ერთ-ერთი მათგანი, გადაწვეს ყველაფერი, ამის ფონზე EPP-მ შეძლო, რომ „ქართული ოცნება“ მოძალადედ გამოეცხადებინა ეს კრიმინალების დაჯგუფება კი მსხვერპლად. შეძლო თავის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მოეთხოვა, მაშინ, როდესაც თვალნათლივ უყურებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.
როგორც ჩანს EPP-სთვის ხალხის ცნებაც არაერთგვაროვანია, მათთვის ის მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნებზე წავიდა და თავისი მოქალქეობრივი პოზიცია გამოხატა ხალხი არ არის და მათთვის ხალხი, მხოლოდ ის რამდენიმე ათეული ტერორისტია, რომელიც რუსთაველის გამზირზე ძალადობის აქტებს აწყობს და მხოლოდ ეს ადამიანები იმსახურებენ მათ მხარდაჭერას”. – აცხადებს წილოსანი. ნინო წილოსანი EPP-ის განცხადებას და ქმედებებს „პოლიტიკურ უტიფრობას“ უწოდებს და „ნაციონალური მოძრაობის“ დედა პარტიად მოიაზრებს მათ, თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. „და რას ემსახურება EPP-ის ეს განცხადება? შემთხვევით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანას ხომ არა?! შემთხვევით „ნაციონალური მოძრაობის“ ვინც ამ 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო, მათი დანაშაულიდან გამოძრომას ხომ არ ემსახურება?! შემთხვევით EPP დედა პარტია ხომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და EPP- ის მწვანე შუქი ხომ არ ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც ქართველ ხალხს და ქართულ დემოკრატიას ის სისხლში ახრჩობდა. ახლა როდესაც ყველაფერი ხელისგულზე დევს და როდესაც ყველაფერი დღესავით ნათელია, როდესაც ნათლად ჩანს ვინ არის მოძალადე და ვინ იცავდა კანონს EPP-ის განცხადება, ფაქტობრივად საქართველოში გადატრიალების მხარდაჭერას წარმოადგენს. აბა ეცადეთ და ამის შემდგომ, პოლიტიკის არქივებში იპოვეთ პოლიტიკური უტიფრობის ასეთი მაგალითი“,- აცხადებს ნინო წილოსანი.