„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, დაწესდეს სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, გაიყინოს მათი აქტივები ევროკავშირში.
გარდა ამისა, რეზოლუციაში („სოლიდარობის გამოხატვა საქართველოს მოსახლეობის მიმართ და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა“), რომელიც პარტიამ ვალენსიაში მიმდინარე კონგრესის ფარგლებში მიიღო, საუბარია ივანიშვილის ოჯახის ბანკის – „ბანკი ქართუს“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გასათიშად ნაბიჯების გგადადგმისკენ მოწოდებაზე.
SWIFT ბანკებს შორის შუამავალი და ფინანსური ტრანზაქციების შემსრულებელია;
Visa და MasterCard-ი საბარათე გადახდის სისტემაა, რომელსაც იყენებენ ბანკის კლიენტები როგორც ონლაინ შოპინგის დროს, ასევე მაღაზიებში უნაღდო ანგარიშსწორების დროს.
გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია:
· საქართველოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობაზე;
· სინანულია გამოთქმული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის;
· დაგმობილია „ქართული ოცნების“ ქმედებები, ავტორიტარიზმისკენ გადახრა და რუსეთის ორბიტისკენ სვლა. მოუწოდებს ამ პარტიას, შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულება და დაასრულოს ტერორი მოქალაქეების წინააღმდეგ;
· დაგმობილია სანდო სამოქალაქო ორგანიზაციებზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე შეტევა;
· მოითხოვენ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას.
მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია. მისი წევრია „ნაციონალური მოძრაობა“.
„ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხვდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რეზოლუციის მიღების შემდეგ.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი მას შემდეგ განიხილება აქტიურად, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროევროპული აქციები ძალის გამოყენებით დაშალა – პოლიციამ სცემა აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს, დაკავებული კი მათ შორის არავინაა.
2024 წლის 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს სანქცია დაუწესა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, – აცხადებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ფორუმი