ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ მომავალ არჩევნებში ვერ აისახება ხალხის ნამდვილი დემოკრატიული არჩევანი, თუ ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში არ ჩატარდება.
რეზოლუციის მიხედვით, „ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა“ გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ მოხდება ხელშესახები პოლიტიკური ცვლილება და არ ჩატარდება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის მომავალი მუნიციპალური არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, ხოლო თვითგამოცხადებული ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობას იყენებს არსებული სტატუს კვოს ლეგიტიმაციისთვის.
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი არჩევნების გზით არის შესაძლებელი – დამოუკიდებელი ადმინისტრაციის ზედამხედველობით და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების მჭიდრო მონიტორინგით.
