ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი პრესრელიზში აღნიშნავს, რომ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები საქართველოს “დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი გამოცდაა.”
ევროპარლამენტარები კი მოუწოდებენ ოპოზიციას “გამოიყენოს ეს შესაძლებლობა”, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება დააფიქსიროს თავისი პროევროპული მისწრაფება.
ამასთანავე, კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ცესკო არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს და მიკერძოებულია ქართული ოცნების მთავრობის მიმართ. შესაბამისად, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ როგორც ადგილობრივი, ისე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჩატარდეს.
“[ევროპარლამენტარები] “ქართულ ოცნებას” დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წელს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული შემზღუდავი მედია გარემოსა და პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ თავდასხმების გამო, მათ შორის “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც გამოხატავენ განზრახვას ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობაზე”, – წერია პრესრელიზში.
ფაქტი, რომ 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლება აშკარა ავტორიტარულ გზას დაადგა, ხაზგასმულია პრესრელიზშიც. ევროპარლამენტარების თქმით, “არჩევნებმა” ოცნებას გზა გაუხსნა უკანონოდ ხელში ჩაეგდო დემოკრატიული ინსტიტუტები, მიეღო რეპრესიული კანონმდებლობა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ იყენებს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ივანიშვილის პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის აღიარებისაგან და დააწესონ “ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები ქართული ოცნების ძირითადი თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ,” რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში.
“სულ უფრო რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს გადახედოს საქართველოს მიმართ პოლიტიკის და მათ შორის არსებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას”, – აღნიშნულია პრესრელიზში.
