Entrée ამერიკის ბაზრის ათვისებაზე მუშაობს – გეგუშა ფიჩხაია

არტიზანული საცხობისა და კაფეს ქსელი “ანტრე” მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატებში გამოჩნდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, გეგუშა ფიჩხაიამ “კაცმანის პოდკასტში” ისაუბრა.
მისი თქმით, “ანტრე” მოკვლევას ატარებს, თუ რომელ ქალაქში შეიძლება, პირველი ფილიალი გაიხსნას, შემდეგ კი ინვესტიციის განხორციელებას დაიწყებს.
“ახლა ვარჩევთ ამერიკაში ერთ-ერთ ქალაქს, რომელსაც 2025-ში ავარჩევთ და დავიწყებთ ინვესტიციას. ამერიკის ბაზარი ისეთია, რომ გვექნება ადვილად საშუალება, რომ ერთ ქალაქში არ ვიყოთ”, – ამბობს ფიჩხაია.
“ანტრეს” დამფუძნებელი განმარტავს, რომ კომპანიის მიზანი კაფეს ფილიალის 10 ქალაქში გახსნაა.
“მინდა, რომ ანტრეს ჯგუფს (რომელიც ანტრეს გარდა სხვადასხვა მიმართულებასაც მოიცავს, რაზეც ჯერ ვმუშაობთ და შეიძლება არც ჩანდეს), რაც გვაქვს თბილისში და 15 წლის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, იყოს 10 ქალაქში, ახლა სამშია: თბილისი, ბაქო, ლონდონი”, – განაცხადა გეგუშა ფიჩხაიამ.
ამჟამად “ანტრე” თბილისში 16 ფილიალს ფლობს. კომპანია აზერბაიჯანის ბაზარზე 10 წლის წინ შევიდა და 8 სხვადასხვა ობიექტში 130 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება ლონდონს, აქ პირველი კაფე 2021 წელს გაიხსნა. დღეს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში “ანტრეს” 3 ფილიალი ფუნქციონირებს.