Emaar – ჯგუფის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება

უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმება კომპანიასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტია ფარგლებში გაფორმდა.
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწენენ.
დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან – დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომელთაგან ერთი თბილისში, ხოლო მეორე გონიოში აშენდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.