უძრავი ქონების კომპანია Sakura Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვას პროგნოზით, საქართველოში EMAAR-ის შემოსვლა უძრავი ქონების ბაზარზე როგორც კონკურენციას, ისე, სავარაუდოდ, ფასებსაც გაზრდის.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებული EMAAR-ის $6-მილიარდიანი ინვესტიციის კომენტირებისას განაცხადა.
ვიქტორია საკუროვაც, ისევე როგორც ბაზრის მოთამაშეების და ეკონომისტების ნაწილი, ბოლომდე არაა დარწმუნებული, რომ EMAAR-ი შემოვა, მაგრამ ამბობს, რომ „თუ ეს მოხდება, ნამდვილად კარგი ამბავია, რადგან საქართველოს საინვესტიციო გარემო უძრავი ქონების მსოფლიო რუკაზე სულ სხვანაირად მოინიშნება“.
„ითქვა, რომ „EMAAR-ი ხომ არ შეჭამს სხვა დეველოპერებს“ და შეიძლება, ასეც მოხდეს, რადგან ის წამყვანი დეველოპერია მსოფლიოში და ბუნებრივია, ბაზარზე თავისი თამაშის წესებით შემოვა. EMAAR-ი გამორჩეულია მაღალი ხარისხით და პროექტების ვიზუალით. აქედან გამომდინარე, საქართველოში რასაც პრემიუმი უძრავი ქონება ჰქვია, ვერ იქნება პრემიუმი. შესაბამისად, თუ ის შემოვიდა, დეველოპერების ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შეიქმნება კონკურენცია ხარისხში, რაც უძრავი ქონების ფასებზეც აისახება;
ამავე დროს, ის სხვა დეველოპერებს აუცილებლად დაეხმარება იმ კუთხით, რომ EMAAR-ი ისე არ შედის ახალ ქვეყანაში, თუ ბაზრის დეტალურ კვლევას არ ჩაატარებს და ყველაფერს არ გაარკვევს, შესაბამისად, სხვა დეველოპერებიც შემოვლენ… EMAAR-ისგან კიდევ ერთი სარგებელი ის იქნება, მისი უძრავი ქონება სხვებთან შედარებით ძვირი იქნება და შესაბამისად, სხვა დეველოპერებს, რომელთაც ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასად აქვს ქონება, გაყიდვები კოლოსალურად გაეზრდებათ. ასევე გაიზრდება მიწებზე ფასი, განსაკუთრებით ამ ტერიტორიის გარშემო, სადაც EMAAR-ის კომპლექსი აშენდება.
მოკლედ, EMAAR-ის შემოსვლა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იქნება ძალიან მაგარი და ის მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც – ეს არის ერთი მთავარი შედეგი, მაგრამ მთავარი კითხვა და მეორე შესაძლო შედეგია – რამდენად შეძლებს ადგილობრივი მოსახლეობა EMAAR-ის ბაზარზე შემოსვლით გაძვირებული უძრავი ქონების შეძენას?! ამიტომაც გვჭირდება სტაბილური პოლიტიკური ვითარება და ეკონომიკის განვითარება“, – განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.
