Emaar-ის ინვესტიციის ფარგლებში ვსაუბრობთ ორ უმსხვილეს პროექტზე გონიოსა და თბილისში, კრწანისის ტერიტორიაზე, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული – მარიამ ქვრივიშვილი
ეს არის ისტორიული სიდიდის პროექტი, მათ შორის ინვესტიციის კუთხით, – ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, მათ შორის Emaar-ის პროექტებზე საუბრისას განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ Emaar-ის პროექტი უკვე ფაქტობრივად სრულყოფილია იმისთვის, რომ ის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს.
„ვიცით, რომ ძალიან დიდი ინტერესია Emaar-ის ინვესტიციის შესახებ. ეს არის ისტორიული სიდიდის პროექტი, მათ შორის ინვესტიციის კუთხით. 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია არის დადასტურებული Emaar-ის მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ორ უმსხვილეს პროექტზე გონიოსა და დედაქალაქში კრწანისის ტერიტორიაზე, სადაც ფაქტობრივად 5000-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. ეს იქნება უდიდესი, მულტიფუნქციური 2 კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ. განთავსების ობიექტებს, ისევე როგორც სხვა კომერციულ სივრცეებს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს კომპანია Emaar-თან, პირადად მე – დამფუძნებელთან. ჩვენი გუნდები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ფაქტობრივად პროექტი უკვე სრულყოფილია იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდგომ ნაბიჯებზე. დღეს გაქვს ძალიან დიდი პროგრესი, მათ შორის დაწყებულია არაერთი კვლევა, პროექტირება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს მათ შორის იყო დიდი სტიმული სხვა ინვესტორებისთვის. განსაკუთრებით ყურის ქვეყნებისთვის, ამან ძალიან გააძლიერა ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა, ნდობა იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილური საინვესტიციო გარემო. ის, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის მხოლოდ პოზიტიური, და რა თქმა უნდა ასეთი მსხვილი ინვესტორის შემოსვლა, ამ მოცულობის თანხით, უზრუნველყოფს იმას, რომ არამხოლოდ ყურის ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებიდანაც მსხვილი ინვესტორების დაინტერესება გამოიწვიო“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.