Tesla-ს 2024 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსურმა ანგარიშმა ელექტრომობილების გიგანტისთვის რეალობის უსიამოვნო ამბავი მოიტანა: გლობალური გაყიდვები 1.79 მილიონ ავტომობილამდე შემცირდა, 2023 წლის 1.81 მილიონთან შედარებით. აქციებზეც აისახა ეს ტურბულენტობა, დღე $389.65-ით დაიხურა, რაც 2.12%-იანი ვარდნაა. თუმცა, რიცხვების გარდა, უოლ სტრიტსა და მის მიღმა მთავარი კითხვა ისმის – Tesla-ს უდიდესი აქტივი – ილონ მასკი – ხომ არ იქცა მის უდიდეს პასივად?
ფინანსური ვარდნა მასკის გარშემო არსებულ კონტროვერსიების ტალღას ემთხვევა. მისმა „რომაულმა მისალმებამ“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაციაზე, ულტრამემარჯვენე მიტინგებზე გამოჩენამ გერმანიაში და ნაცისტური ფიგურების ხსენებამ სოციალურ მედიაში ფართო უკურეაქცია გამოიწვია. Tesla-ს ბრენდი, რომელიც ოდესღაც მოწინავე ტექნოლოგიებისა და მდგრადობის სინონიმი იყო, ახლა იძულებულია თავისი CEO-ს პოლიტიკური თეატრალობის ქარიშხალს გაუძლოს.
ბუნებრივია, Tesla მასკის სინონიმია და ყველაფერი, რასაც ილონ მასკი აკეთებს, უდავოდ გავლენას მოახდენს Tesla-ს ბრენდის ღირებულებაზე. Axia Public Relations-ის CEO და მმართველი პარტნიორი ჯეისონ მადი ეთანხმება ამ მოსაზრებას: „მასკი პოლარიზებული ფიგურაა, რომლის გავლენა Tesla-ს საზღვრებს სცდება. მისი პირადი და პროფესიული ქმედებები ხშირად იწვევს საჯარო განხილვას, რადგან წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ქცევას, არამედ ბრენდებს, რომლებთანაც ის ასოცირდება“.
Electrifying.com-ის კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ავტომობილების მყიდველთა თითქმის ორი მესამედი Tesla-ს თავს არიდებს მასკის ქცევის გამო.
მიუხედავად ამისა, Tesla კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ საავტომობილო კომპანიად $1.3 ტრილიონი საბაზრო კაპიტალიზაციით. მაგრამ რა ფასად?
ამჟამად Tesla კვლავ წამყვანი ძალაა ელექტრომობილების ბაზარზე. მაგრამ როგორც მასკი განაგრძობს საზოგადოების ტოლერანტობის ზღვრების ტესტირებას, ნამდვილი გამოწვევა შეიძლება იყოს არა შემდეგი დიდებული ელექტრომობილის შექმნა, არამედ Tesla-ს ბრენდის გადარჩენა მისი CEO-ს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად ქცევისგან.
წყარო: The Drum, marketer.ge