ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2025 და 2026 წლების განახლებული პროგნოზით, კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე კარგი მაჩვენებლები საქართველოს აქვს. ანგარიში ბანკის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
„კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მაჩვენებლები არის მოცემული, წელს მშპ-ის ყველაზე დიდი, ანუ 7%-მდე ზრდა მოსალოდნელია საქართველოში. ეს მაისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით მეტია. (მაისში EBRD საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა) რაც შეეხება 2026 წელს, ამჟამინდელი პროგნოზით, EBRD საქართველოს მშპ-ის 5%-მდე ზრდას ვარაუდობს.
თუმცა 2024 წელთან და მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუარესებულია, რადგან შარშან ზრდა 9.4%-ს, პირველ კვარტალში კი 8.3%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე სომხეთია, სადაც წელს მშპ 5%-მდე, 2026 წელს კი 4.5%-მდე გაიზრდება.
მაისიდან მოყოლებული ზრდის პროგნოზის ყველაზე მნიშვნელოვანი, 1%-იანი კლება დაფიქსირდა აზერბაიჯანში, სადაც მშპ წელს 2%-მდე, მომავალ წელს კი 2.5%-მდე გაიზრდება. უკრაინაში კლებამ 0.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მართალია, წელს ზრდა 2.5%-მდე არის პროგნოზირებული, თუმცა 2026 წელს მაჩვენებელი 5%-მდე არის გაორმაგებული. რაც შეეხებე მოლდოვას, ქვეყნის მშპ-ის ზრდა 0.3 პროცენტული პუნქტით, 1.5%-მდე შემცირდა, 2026 წელს კი 3.8%-მდე გაიზრდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ზოგადად, EBRD ვარაუდობს, რომ ამ რეგიონში, ანუ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მშპ წელს 3%-მდე გაიზრდება, რაც მაისიდან მოყოლებული 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, ბანკი პროგნოზირებს, რომ 2026 წელს ზრდა უცვლელი, 4.4%-ის ფარგლებში დარჩება.
„მეზობელ თურქეთში მიმდინარე წლის ბოლომდე მშპ, სავარაუდოდ, 0.3 პროცენტული პუნქტით, ანუ 3.1%-მდე გაიზრდება, ხოლო 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 3.2%-ს მიაღწევს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ აშშ-ის საიმპორტო ტარიფების საშუალო განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში არსებული 1.4%-დან 2025 წლის პირველ ნახევარში 4%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩინეთის წილი საწარმოო საქონლის გლობალურ ექსპორტში 2024 წელს 25%-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა 2000 წელს 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ასეთი ზრდა აშშ-ისა და გერმანიის ერთად აღებულ მაჩვენებელს აღემატება, რის შედეგადაც ჩინეთი, EBRD-ის შეფასებით, „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის სულ უფრო სერიოზული კონკურენტი“ ხდება.
„მთლიანად, იმ ქვეყნებისთვის, სადაც EBRD თავის პროგრამებს ახორციელებს, წელს ეკონომიკა 3.1%-მდე გაიზრდება, რაც მაისთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 2026 წელს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 3.3%-ს მიაღწევს, რაც, პირიქით, 0.1 პუნქტით ნაკლებია. ლონდონში ბაზირებული ბანკის ანალიტიკოსები წერენ, რომ რეგიონის ეკონომიკები „მუდმივი გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის, საექსპორტო ბაზრებზე ჩინეთის მხრიდან გაზრდილი კონკურენციისა და შეზღუდული ფისკალური სივრცის გამო ზეწოლის ქვეშაა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
