“Eagle Hills-ის პროექტი უაღრესად დიდ როლს ითამაშებს ტურისტული ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარებასა და ხარისხობრივად გაუმჯობესებაში,“- ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანამ არა მხოლოდ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე უნდა იზრუნოს, არამედ უნდა შეძლოს მაღალ მხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვა, რაშიც აღნიშნულ პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ამას მოწმობს ისიც, რომ დღეს დუბაი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურისტული მიზიდულობის ცენტრია, სადაც თითო ვიზიტორი დღეში საშუალოდ 3 200 აშშ დოლარს ხარჯავს.
„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გავზარდოთ როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ისე ის შემოსავლები, რომელიც თითოეული ვიზიტორისგან შემოდის. თუკი საქართველოში 1 ვიზიტორი 600 დოლარს ხარჯავს, დუბაისა და საამიროებში 1 ვიზიტორი საშუალოდ 3 200 აშშ დოლარს ხარჯავს. დუბაის ეკონომიკა ჩვენსაზე 9-ჯერ დიდია, შესაბამისად, ასეთი კომპანიის შემოყვანა სექტორში ნიშნავს, რომ ჩვენი ტურისტული სექტორი სწრაფად გაიზრდება. სწორედ ასეთი კომპანიები გვჭირდება, რომლებსაც ცოდნა, გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები აქვს, რომ ტურისტული სექტორი გარდაქმნას და უფრო მაღალი კლასის სასტუმროები ააშენოს, უფრო მაღალი კლასის ინფრასტრუქტურა შექმნას და ტურისტულ ინდუსტრიას ისეთი სერვისები შესთავაზოს , რომლის მსგავსიც დუბაიშია,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში საუბრისას ხაზი გაუსვა პროექტში კომერციული ფართების წილსა და მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ სერვისები, რომლებსაც აღნიშნული პროექტი შექმნის, ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოყვანას შეუწყობს ხელს.
„აქ მნიშვნელოვანი წილი არის კომერციული ნაწილი, რომელიც გულისხმობს სასტუმროების, საოფისე ცენტრების, სავაჭრო ცენტრების და მისი თანამდევი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ეს ნიშნავს, პირველ რიგში, მაღალი კლასის სასტუმროებისა და A კლასის ოფისის მშენებლობას, რაც ნიშნავს გლობალური კორპორაციების შემოსვლას და მათი ოფისების გაჩენას საქართველოში, თანამედროვე, A კლასის სავაჭრო ცენტრები ნიშნავს ძალიან ცნობილი ბრენდების შემოსვლას და ეს ყოველივე შექმნის სერვისებს, რომელიც საქართველოში მაღალშემოსავლიან ტურისტს შემოიყვანს,“- აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას – შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში 2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა, სასტუმროების ნაწილში გაჩნდება 1 500-მდე ნომერი, კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები.
პროექტში $6.6 მლრდ-ის ინვესტირება განხორციელდება.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




