Eagle Hills-ის პროექტის გამო მეწარმეთა შესახებ კანონი იცვლება

Eagle Hills-ის პროექტის გამო მეწარმეთა შესახებ კანონი იცვლება, – შესაბამისი ინიციატივა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის და ლევან მაჭავარიანის მიერ არის მომზადებული.
ინიციატივის თანახმად, საჯარო მოხელეებს უფლება მიეცემათ იყვნენ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში. ცვლილება განსაზღვრულია იმისთვის, რომ შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოში საჯარო პირები წევრებად დაინიშნოს.
„საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრის N1712 განკარგულების საფუძველზე, ქვეყნისათვის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანია EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით გაფორმდა „საინვესტიციო ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა თბილისისა და გარდაბნის (კრწანისის ტერიტორია) და აჭარის (/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და „აქციონერთა შეთანხმება“, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოსა და EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კომპანიის – შპს ,,იგლ ჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011) მმართველობის წესები, კაპიტალის სტრუქტურა და პარტნიორთა უფლება-მოვალეობების ჩარჩო, მისი განხორციელების წესები.
„აქციონერთა შეთანხმების“ თანახმად, სახელმწიფოსა და EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს “იგლჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011, შემდგომში – ერთობლივი საწარმო) სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს როგორც ინვესტორის, ასევე, სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან. ამასთან, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.