ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line -მა, რომელიც საბორნე გადაზიდვებს რუმინეთის მიმართულებით ასრულებდა, ბულგარეთთან საბორნე – სარკინიგზო გადაზიდვა ვარნას მიმართულებითაც დაიწყო. საკითხზე კომპანიის კომერციულმა დირექტორმა შალვა წაქაძემ “საქმის კურსში” ისაუბრა.
“ბულგარეთს დიდი ხანია ვუმიზნებდით, უბრალოდ დიდი დრო იყო საჭირო. რატომ ვარნა? იმიტომ, რომ იქ ინფრასტრუქტურა აღჭურვილია, სადაც ვაგონს შეუძლია, ევროპისკენ გზა დაუბრკოლებლად გააგრძელოს. პირველი ვაგონები მიღებულია და გაგრძელდება. ძირითადი დატვირთვა სარკინიგზო ტვირთები იქნება”, – განაცხადა შალვა წაქაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მარშრუტზე შუა დერეფნის ტვირთები ტრანსპორტირდება.
“საქართველოს ნავსადგურიდან გემები არ დადიოდა. ტვირთს, რომელიც ჩინეთში ან რომელიმე სარკინიგზო სადგურზე ჩაიტვირთება, ევროპის უკიდურეს ტერიტორიამდე მოძრაობა შეუჩერებლად შეუძლია. შეგვიძლია, 41 ერთეული სტანდარტული ვაგონი გადავზიდოთ. თუ მხოლოდ ცისტერნებით დაიტვირთება, 51 ერთეულიც შეგვიძლია”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება გამოწვევებს. E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა გაზრდილი ფასებია, რაც თავის დროზე საწვავის გაძვირებამ გამოიწვია.
“გამოწვევების კასკადი არის, რომელიც უნდა გადალახო. რაც შეეხება ფასს. ეს იყო საკმაოდ დიდი გამოწვევა. ადამიანებსა და კომპანიებს მეხსიერებაში ძველი ფასები აქვთ ჩარჩენილი, რომელიც იაფი იყო. ახლიდან მოგვიწია ყველაფრის გადაანგარიშება. ახლანდელი ფასები ჯერ კიდევ აგვისტოში შევათანხმეთ. კორექტირებას არ ველოდებით, არც ზრდის და არც შემცირების კუთხით”, – აღნიშნა მან.
შალვა წაქაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ წლის ბოლოდან სამგზავრო გადაყვანებით დაიწყოს.