„€10 მილიონის ჰოლანდიური ინვესტიცია ჩაიშალა“ – ბექა ბექაია მიზეზებს განმარტავს (bm.ge)

ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორის ბექა ბექაიას ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის და საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო, საქართველოში €10 მილიონის ჰოლანდიური ინვესტიცია ჩაიშალა.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ განაცხადა“, „ნუტრიმაქსის“ ჰოლანდიელ პარტნიორს, კომპანია Trouw nutrition-ს თბილისში საკვები დანამატების საწარმო უნდა აეშენებინა.
– მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, დან ძალიან ბევრი ევროპული კომპანია გავიდა. შეიძლება, სანქციების სიაში არ იყვნენ, მაგრამ რეპუტაციული და პრინციპული პოზიცია დაიკავეს და რუსეთის ბაზარი დატოვეს. მათ შორის იყო ჩვენი პარტნიორი, ჰოლანდიური კომპანია Trouw nutrition-ი, რომელმაც ორი საწარმო გაყიდა 1 დოლარად. შედეგად, ცენტრალური აზიის ბაზარი, რომელიც რუსეთიდან იფარებოდა, ღია დარჩა. გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ 10 წელი რუსეთში [ბიზნესი] გეგმაში არ აქვთ და იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის ბაზარი არ დაეკარგათ, რამე უნდა გაეკეთებინათ. იმის გათვალისწინებით, რომ 15-წლიანი ურთიერთობა გვაქვს და იციან ჩვენი ღირებულებები, გადაწყვიტეს, ცენტრალური აზიის ბაზარი საქართველოდან დაეფარათ. იგულისხმებოდა ის, რომ საქართველოში გაკეთებულიყო საკვები დანამატების საწარმო, რომელიც ცენტრალურ აზიას მოამარაგებდა. ეს პროექტი ჩაიშალა.
– დაახლოებით, რა ინვესტიციაზე იყო საუბარი?
– დაახლოებით, 10 მლნ ევრო იყო პროექტის ღირებულება.
– ანუ პროექტი ჩაიშალა თუ შეჩერდა?
– მინიმუმ დაპაუზდა… სამწუხაროდ, ჩვენ იქით უნდა ვეხვეწოთ დასავლურ და ევროპულ კომპანიებს, რომ საქართველოში ჩადონ ინვესტიცია. თან უნდა გვესმოდეს, რომ ფული არ არის მთავარი. დასავლურ ინვესტიციებს მოაქვს ცოდნა და ტექნოლოგიები, რომელიც უნდა დავნერგოთ და გარეთ გავიტანოთ. აქეთ არავინ შეგვეხვეწება ინვესტიციების ჩადებას… საქართველო არაა მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა მაშინ იქნება დასავლელი ინვესტორებისთვის საინტერესო, თუ აქ იქნება კარგი ბიზნესგარემო, სადაც ადამიანებს ესიამოვნებათ ბიზნესის კეთება და რისკებზე წასვლა. დანარჩენი აქ არაფერი აინტერესებთ. მოკლედ, თუ გარემოც არ იქნა კარგი, ის ადამიანები საინვესტიციო რისკებს არ აიღებენ და მარტივად ამბობენ „არას“ [საქართველოში ინვესტირებაზე].
როგორც ბიზნესმენმა „წერტილში“ განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, „ნუტრიმაქსის“ წლევანდელი საინვესტიციო გეგმები საქართველოს ნაკლებად უკავშირდება და აპირებენ, საზღვარგარეთის ბაზრებზე გაფართოვდნენ. წელს კომპანია წარმომადგენლობის გახსნას ყაზახეთში გეგმავს.
„ახლა გადავწყვიტეთ გავაქტიურდეთ და უშუალო ოპერაციები ვაწარმოოთ სხვა ქვეყნებში. მიმდინარე მოვლენებმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო და უფრო დააჩქარა ჩვენი გეგმები საზღვარგარეთ. ჩავთვალეთ, რომ ახლა არის დრო, როცა სწრაფად რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს არის გარკვეულწილად იმედიც ჩვენი არსებული თანამშრომლებისთვის. მოკლედ, როგორც იტყვიან – „ზოგი ჭირი მარგებელიაო“… იმედი მაქვს, მალე საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება და სიტუაცია არ გაუარესდება“, – განაცხადა ბიზნესმენმა.