უკრაინის მიმართ უნგრეთის უარყოფითი პოზიციით გამოწვეული ჩიხიდან გამოსავალი გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოიფიქრა. ამის შესახებ გერმანულ მაუწყებელს, „დოიჩე ველეს“(DW) განუცხადა ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატმა.
14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე კენჭი უნდა ეყარათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დარბაზი დატოვა.
DW-ს წყაროების თანახმად, წინადადება, რომ ორბანს სხდომათა დარბაზი დროებით დაეტოვებინა, გერმანიის კანცლერ შოლცს ეკუთვნოდა და ორბანმა წინასწარ იცოდა, რა მოხდებოდა დარბაზში მისი არყოფნის დროს.
დარბაზიდან ორბანის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერმა ხმა მისცა უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. იმის გამო, რომ უნგრეთს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, გადაწყვეტილება კანონიერად ითვლება. ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებასაც, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.
მოგვიანებით, სხდომაზე დაბრუნებულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევა. ევროპულ საბჭოში განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო” და ამ საკითხს მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს ისევ განიხილავენ 2024 წლის დასაწყისში.
პრემიერ-მინისტრი ორბანი უკრაინას დიდი ხანია ადანაშაულებს უნგრელთა ეთნიკური უმცირესობის შევიწროებაში, რასაც კიევი უარყოფს. ორი ქვეყნის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ვიქტორ ორბანმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ ერთადერთი გზა რუსეთთან მოლაპარაკებაა. ორბანმა ადრეც დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება.
ამასთან, უნგრეთის მიერ მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები. გამონაკლისი იყო რუსულ ნავთობზე ემბარგო, რომელიც დღის წესრიგში დადგა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ორბანმა მიაღწია უნგრეთისთვის ამ აკრძალვის გადავადებას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთანაც. ამჯერად, ორბანი ცდილობს უკრაინის მხარდაჭერის საკითხის გამოყენებით მიაღწიოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან 30 მილიარდი ევროს მიღებას. ეს თანხა უნგრეთს გაუყინეს კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ არსებული პრობლემების გამო.