DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის წევრების ძალისმიერი მეთოდებით დარბევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
DRI-ს საგანგაშოდ მიაჩნია, რომ სამართალდამცავები აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აღნიშნავენ, რომ “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას.”
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ადამიანებს შორის, რომლებიც სამართალდამცავებმა დააკავეს, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო, რომლებიც პროტესტს სწორედ ამგვარი ფორმით გამოხატავდნენ.
“16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს კვლავ ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაახლოებით, 22:00 საათისთვის დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიური სპეციალური საშუალებების, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენება. მოგვიანებით, 00:30 საათისთვის, -მ წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა გაუფრთხილებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროტესტის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს. სამართალდამცავების მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, უკიდურესი აუცილებლობის დროს, მხოლოდ მაშინ, როდესაც აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს.