დემოკრატიის კვლევის ცენტრის (DRI) განცხადებით, დღეს Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ქართულმა ოცნებამ კვლავ უკანონოდ შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის უფლება, სრულად უგულებელყო კონსტიტუციის ნორმები და მშვიდობიან აქციას კვლავ რეპრესიული პოლიტიკით უპასუხა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც აქციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი სახე, უკანონოდ დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ დემონსტრანტს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის, ქალებსა და არასრულწლოვანებს.
მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია, აქციის 23 მონაწილე, მათ შორის, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ერთი არასრულწლოვანი.
“ყველა გავრცელებული კადრით დასტურდება, რომ არც ერთ შემთხვევაში, არ არსებობდა დაკავების კანონიერი საფუძველი. ამასთან, საპოლიციო ძალები მშვიდობიან აქციის მონაწილეებს დამიზნებით თავის არეში ურტყამდნენ ფეხებს. გავრცელებული კადრებით კი დასტურდება, რომ უკვე დაკავებულ მოქალაქეებს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი მანქანაში მოთავსებამდე ფიზიკურად უსწორდება.
თბილისის შემოსასვლელთან შეკრებილ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს სურდათ საავტომობილო გზის დაკავება (რაც მათი რაოდენობიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელი იყო). თუმცა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მობილიზებულმა სამართალდამცავებმა (რომლებიც გზის ორივე სავალ ნაწილზე განლაგდნენ და აქციის მონაწილეები ორ ნაწილად გაყვეს) დემონსტრანტებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს. მეტიც, აქციის მონაწილეები აპირებდნენ მსვლელობას თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ, თუმცა, საპოლიციო ძალებმა მათ გადაადგილების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს”- აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, აქციამ ფორმისა და დემონსტრანტთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგის რღვევა, მათ შორის, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს. შეკრებისა და გამოხატვის უფლება ასეთ დროსაც კი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იღებს ძალადობრივ სახეს. ამ დროს, შეზღუდვები უნდა იყოს ლეგიტიმური, აუცილებელი და პროპორციული.
“აქციის დაანონსების შემდეგ, 31 იანვარს „საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილებაში” ,,ქართულმა ოცნების“ მიერ შეტანილი ცვლილებებით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებიც მოექცა. შსს-მ კი აქციის მონაწილეები იმ შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გააფრთხილა, რაც შეიძლება მათ მიერ თბილისის გზის გასასვლელის გადაკეტვას მოჰყოლოდა.
გზის გადაკეტვა შეკრებისა და მანიფესტაციის ერთ-ერთ ლოგიკურ გაგრძელებას შეიძლება წარმოადგენდეს და ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ის არ განიხილება სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კი მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადება მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას (განსაკუთრებით, მიკერძოებული სასამართლოს პირობებში) და მას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების რეალიზებაზე.
2 თებერვლის აქციას ასევე წინ უძღოდა აქტივისტების – ილო ღლონტის, ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძის საცხოვრებელ სახლებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კანონმდებლობის არაერთი ნორმის უხეში დარღვევით ჩატარებული ჩხრეკა-ამოღება. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდებოდა აქტივისტთა წინააღმდეგ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება.
ბოლო დღეების განმავლობაში, საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული სასტიკი მეთოდები წარმოადგენს იმ ორგანიზებული დანაშაულის გაგრძელებას, რომელიც განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც დამატებით წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს”- აღნიშნულია განცხადებაში.
· ობიექტურად, კანონის შესაბამისად გამოიძიოს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
· მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.