დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ლაზარე გრიგორადისის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ გასულ წელს, მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება.
DRI მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს.
“ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება და სხვისი ნივთის დაზიანება) მაშინ „გააცოცხლა“, როდესაც მარტის აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის კანონმდებლობით განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა იწურებოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ალტერნატიული სასჯელების არსებობისა, პროკურატურამ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა – თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიერ ძველი საქმის „გაცოცხლება“ და სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადით მანიპულირებას, აღნიშნული ვადის ხელოვნურად გაგრძელებას სხვადასხვა ფორმალურად კანონიერი მეთოდებითა და საფუძვლებით, რადგან პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება წინააღმდეგობაში მოდის იმ სიკეთესთან, რის დაცვასაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განსაზღვრული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ითვალისწინებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა დღეს, 8 აპრილს გაიმართება. გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 28 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.