DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ბოლო ერთი წლის მანძილზე, განსაკუთრებით აგრესიული გახდა ს შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა ს მიმართ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაში და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმებში გამოიხატა, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ანგარიშშია ნათქვამი სახელწოდებით – „ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან“.
ანგარიშში ასევე საუბარია ოჩამჩირეში განთავსებულ რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე, რომელიც, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.
„მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის დეკლარირებული ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. საგანგაშოა დაკავებებისა და საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი ეთნიკურად ქართველების მდგომარეობა. გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიციის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა გალის მკვიდრი ვიტალი კარბაია, ამასთანავე მეოთხე წელია უკანონო პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუა. ამას ემატება განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რაც 2024 წლიდან აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების არარსებობა აფხაზეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადინების მთავარი მიზეზია – დემოგრაფიული პრობლემები ყველაზე მწვავედ გალის რაიონში დგას.
ცხინვალის რეგიონში არსებულ პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი გადაადგილების თავისუფლების კუთხით შექმნილ დაბრკოლებას უჭირავს. ადამიანებს, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს, დე ფაქტო უწყებები გადაადგილების თავისუფლების კუთხით სხვადასხვა ბარიერების უქმნიან, რაც მოსახლეობის მდგომარეობას ამძიმებს და მათ სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისების მიღების, საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენის და ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობას ართმევს. ცხინვალში კვლავ გამოწვევად რჩება განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საკითხი. თუ ახალგორის სკოლებში სწავლა 2017 წლამდე ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა, 2017 წლის სექტემბრიდან სწავლება სრულად რუსული პროგრამით ჩანაცვლდა.
ოკუპირებული ცხინვალის მხარეს კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები. 2023 წელს საქართველოს 31 მოქალაქე გაიტაცეს, რაც 2022 წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება. ხაზგასასმელია, რომ დაკავებების ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოხდა. საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლომისის ეკლესიის მიდამოებში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სოფელ კირბალის მკვიდრი საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია იმ რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებმაც თამაზ გინტურს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურას მათთვის ბრალი არ წაუყენებია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, განმარტავენ, რომ „თბილისისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ორ თვეზე ნაკლებ დროში მიიღო, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, ჯერ კიდევ არ დაუწყია 2024 წლის თებერვალში ბჟანიას მიერ წარდგენილი კანონპროექტის „არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ“ განხილვა.
„თავის მხრივ, ოკუპირებულ ცხინვალში, 2014 წელს რუსეთის ანალოგიური კანონმდებლობის მიღებამ, ფაქტობრივად, გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ