DRI – „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით ბოლო პერიოდის ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფრთა შესაძლოა, გვერდზე გაწიოს და რადიკალურმა განწყობებმა „ხალხის ძალასთან“ მიმართებით გადმოინაცვლოს

„ალტ-ინფო“ „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებული იყო იმ აქტივობების განსახორციელებლად, რასაც თავად ღიად არ აკეთებდა – ბოლო პერიოდში „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით განხორციელებული ნაბიჯები მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფრთა გვერდზე გაწიოს და რადიკალურმა განწყობებმა „ხალხის ძალასთან“ მიმართებით გადმოინაცვლოს, – ამის შესახებ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა DRI-ის მიერ ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8-თვიანი შედეგების პრეზენტაციამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქართველოში არსებობა ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა და ტრაგედიაა, რომლის აღმოცენებას და არსებობას დიდწილად ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყო.
„ეს ჯგუფები „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებული იყო იმ განწყობების და აქტივობების განსახორციელებლად, რასაც თავად ასე ღიად არ აკეთებდა. ბოლო პერიოდში არის ძალიან საინტერესო მოვლენები, როდესაც „ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურმა ისინი დააჯარიმა, ასევე, ჩვენ ვიხილეთ, ბექა ვარდოსანიძის მიმართ სუს-ის მიერ განხორციელებული ნაბიჯები და ეს ყველაფერი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფრთა გვერდზე გაწიოს, ვინაიდან მისი რადიკალური განწყობები და ამომრჩეველი, რომელიც შესაძლოა, ამ პლატფორმას ჰყავდეს, არჩევნებისთვის სჭირდება. შესაძლოა, ამ განწყობებმა გადმოინაცვლოს ასევე, „ქართული ოცნების“ ფრთის ქვეშ შექმნილ „ხალხის ძალასთან“ მიმართებით, რომ ამ ძალების, ვგულისხმობ, „ალტ-ინფოს“ და მსგავსი აქტორების გვერდზე გაწევით, საბოლოო ჯამში, მათი ამომრჩეველი არ დაიკარგოს „ქართული ოცნებისთვის“ და „ხალხის ძალის“ რიტორიკას დაუკავშირდეს,“ – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
რაც შეეხება პრეზენტაციას, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, „ალტ-ინფოს“ სოციალური მედიის ულტრამემარჯვენე დისკურსი ჰომოფობიურ რიტორიკას, ანტიდასავლურ და ანტიამერიკული რიტორიკას მოიცავს.
„სოციალური მედიის ულტრამემარჯვენე დისკურსი სამ მიმართულებას მოიცავს: “ჰომოფობიური რიტორიკა”, რომელიც 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას 2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით, მიაღწია. დაკვირვებამ გამოააშკარავა ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ. პროკრემლისტური რიტორიკა, რომელიც გააქტიურდა ს ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ეკონომიკური სარგებლის მოტივით ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას. სექტემბრიდან კი რეზონანსულ საკითხად – ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობაში მხილებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფირცხალაძის დაცვა იქცა. ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა. ოქტომბერში ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. საგულისხმოა, რომ კოლექტიური დასავლეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარიმართა. ანგარიშში მიმოხილულია ანტიდასავლური, ჰომოფობიური, კერძოდ, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის საწინააღმდეგო აქციების დაკვირვების შედეგები. დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებს სისტემატურობა და დისციპლინა ახასიათებს. ასევე, შესამჩნევია სამართალდამცავთა ლოიალური დამოკიდებულება ულტრამემარჯვენე ლიდერებისადმი,” – აცხადებენ DRI-ში.
ორგანიზაციის მიერ შედგენილ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური წარმონაქმნის საქმიანობის ანალიზი.
„ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 2022 წლის იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნა დაიწყო. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობას/ალტ-ინფოს“ 102 შემომწირველი ჰყავს. აქედან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია. 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა,“ – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ